ფოტო: Joel Saget / Getty
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ორშაბათს SpaceX-ის მიერ xAI-ის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა გარიგებამ ილონ მასკის ქონება 84 მილიარდი დოლარით გაზარდა. შედეგად, მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემაც 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ეს გარიგება გაერთიანებულ კომპანიას 1.25 ტრილიონ დოლარად აფასებს. გარიგებამდე ილონ მასკს SpaceX-ში 42%-იანი წილი ეკუთვნოდა, რომლის ღირებულება 336 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დეკემბერში გამოტანილი სატენდერო შეთავაზების თანახმად, კოსმოსური კომპანია 800 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
გარდა ამისა, მასკს xAI-ში 49%-იანი წილი ჰქონდა, რომლის ღირებულება 122 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ თვის დასაწყისში კერძო დაფინანსების რაუნდის გამართვისას კომპანია 250 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
შერწყმის შემდეგ, რომლის მიხედვითაც SpaceX-ი 1 ტრილიონ დოლარად, ხოლო xAI 250 მილიარდ დოლარად შეფასდა, Forbes-ის დათვლებით, მასკს ამჟამად გაერთიანებული კომპანიის 43%-იანი წილი ეკუთვნის, რომლის ღირებულება 542 მილიარდ დოლარს უტოლდება.
შედეგად, ახალი კომპანია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ყველაზე ძვირფას აქტივს წარმოადგენს. შეგახსენებთ, მას ასევე ეკუთვნის Tesla-ში 12%-იანი წილი, რომელიც 178 მილიარდი დოლარის ღირებულებისა და Tesla-ს აქციების ოფციონები, რომელთა ღირებულება 124 მილიარდ დოლარს უტოლდება.
Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის ილონ მასკის ქონება რეკორდულ 852 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯზე 578 მილიარდი დოლარით მდიდარია. ამ უკანასკნელის ქონება 281 მილიარდ დოლარს შეადგენს.












