ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი OpenAI-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს გააუქმებს. შეგახსენებთ, მასკი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის კომპანია OpenAI-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს სემ ალტმანს სტარტაპის პირველადი მისიისაგან გადახვევაში ადანაშაულებდა. მასკი ამტკიცებდა, რომ კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა თავდაპირველად გაცხადებულ მიზანს, კაცობრიობისათვის სიკეთის შექმნის იდეას გადაუხვიეს და სტარტაპის მიზანი მატერიალური სარგებლის მიღება გახდა.
სარჩელის თანახმად, სემ ალტმანი და OpenAI-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი გრეგ ბროკმანი 2015 წელს ილონ მასკს დაუკავშირდნენ და ღია, ყველასათვის ხელმისაწვდომი, ხელოვნური ინტელექტის არამოგებიანი სტარტაპის დაფუძნება შესთავაზეს. თუმცა ამჟამად კომპანია მატერიალური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ილონ მასკი სასამართლოსაგან ითხოვს, რომ OpenAI-ს საკუთარი ტექნოლოგიის საჯაროდ განთავსება დაევალოს, რათა სტარტაპის პროდუქტებით (უპირველესად ChatGPT-4-ით) აქციონერებმა ფინანსური სარგებელი არ მიიღონ.
სან-ფრანცისკოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით, ილონ მასკის ადვოკატებმა სარჩელის უკან გამოხმობა მიზეზის დასახელების გარეშე მოითხოვეს. მასკმა სარჩელი OpenAI-ისა და სემ ალტმანის წინააღმდეგ მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.
ილონ მასკი OpenAI-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ინვესტორია. თუმცა ამერიკელი მილიარდერი უკვე დიდი ხანია, კომპანიის საქმიანობას აკრიტიკებს და ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ საშიშროებაზე საუბრობს. OpenAI ცნობილი საკუთარი ჩატბოტით, ChatGPT-ით გახდა, რომელსაც მითითებების შესაბამისად ინფორმაციის მოკლე დროში გენერირება შეუძლია.
გასული წლის ივლისში ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი კომპანია, xAI დააფუძნა. ცოტა ხნის წინ ამ უკანასკნელმა საინვესტიციო B რაუნდში $6-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა და სტარტაპის ღირებულებამ $24 მილიარდი შეადგინა.