ილონ მასკი OpenAI-სა და Microsoft-ისგან 134 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციის გადახდას ითხოვს. როგორც მასკის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელშია აღნიშნული, მილიარდერი ამტკიცებს, რომ კომპანიებმა მისი ადრეული მხარდაჭერის შედეგად „არამართლზომიერ სარგებელი მიიღეს“.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, OpenAI-მ მასკის წვლილის შედეგად 65.5-დან 109.4 მილიარდ დოლარამდე სარგებელი მიიღო. რაც შეეხება Microsoft-ს, მასკის შეფასებით, კომპანიის სარგებელი 13.3-დან 25.1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. აღნიშნული მოთხოვნა მასკის მიერ OpenAI-სა და Microsoft-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის ფარგლებშია წარდგენილი.
„ილონ მასკის გარეშე OpenAI არ იარსებებდა. მან უზრუნველყო საწყისი დაფინანსების ძირითადი ნაწილი, საკუთარი რეპუტაცია შესწირა პროექტს და გუნდს ბიზნესის მასშტაბირების გამოცდილება გაუზიარა. ამ წვლილის ღირებულება ავტორიტეტულმა ექსპერტმა შეაფასა,“ – განაცხადა მასკის მთავარმა ადვოკატმა სტივენ მოლომ Reuters-თან.
თავის მხრივ, OpenAI-მ მასკის მოთხოვნას „არასერიოზული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს მისი მხრიდან კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე „შევიწროების კამპანიის“ ნაწილია. Microsoft-ს კი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.












