ილონ მასკი Ryanair-ის შეძენას კვლავ განიხილავს

ილონ მასკი Ryanair-ის შეძენას კვლავ განიხილავს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, სოციალური მედიის პლატფორმა X-ის საშუალებით დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის შეძენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. მოგვიანებით მან საკუთარ გვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა, რომელშიც მომხმარებლებს ავიაკომპანიის შესყიდვაზე აზრის დაფიქსირება სთხოვა.

თავდაპირველად, ილონ მასკი პლატფორმა X-ზე Ryanair-ის იმ პოსტს გამოეხმაურა, რომელიც თვითმფრინავებში Wi-Fi-ის დამატების საკითხს შეეხებოდა. აღნიშნული პოსტის კომენტარებში მასკმა ავიაკომპანიის მისამართით კითხვა დასვა: „რა ღირს თქვენი კომპანია?“, შემდეგ კი დაამატა: „მე მართლა მსურს, რომ Ryanair-ს სათავეში რაიანი (Ryan) ჩაუდგეს. ეს თქვენი ბედისწერაა“.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე წუთში, მასკმა X-ის პროფილზე გამოაქვეყნა გამოკითხვა იმის შესახებ, უნდა შეეძინა თუ არა კომპანია. გამოკითხვაში მონაწილეობა 300,000-მა მომხმარებელმა მიიღო და მათგან 79%-მა დადებითი პასუხი გასცა.

Ryanair Holdings plc საჯარო კომპანიაა, რაც ნიშნავს, რომ მასკს მისი შესყიდვისთვის აქციონერებისთვის ოფიციალური შეთავაზებით მიმართვა ან, კომპანიის თანხმობის გარეშე, აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვა მოუწევს.

მასკის განცხადებას გასულ კვირას, ერთ-ერთ პოდკასტში, თავად Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო’ლირი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად სიმდიდრისა, მასკი „იდიოტია“ და მის განცხადებებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ო’ლირიმ თვითმფრინავებში Starlink-ის Wi-Fi-ის გამოყენებას ცუდი იდეა უწოდა და დასძინა, რომ მასკს ავიაციის არაფერი გაეგება.

ამის საპასუხოდ, მასკმა Ryanair-ის CEO-ს თავადაც „იდიოტი“ უწოდა და გათავისუფლებით დაემუქრა. სწორედ ამ მიმოწერისას ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასკს ავიაკომპანიის ყიდვა ურჩია, რაზეც მილიარდერი ხუმრობით დათანხმდა.