მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე, ილონ მასკი კომპანია Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენას პარასკევისთვის გეგმავს.
მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს. შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.
13 მილიარდი დოლარი – ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც ილონ მასკი ბანკებისგან ვალის სახით აიღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი – Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.
ვალის მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე ნაწილდება:
Morgan Stanley – $3.5 მლრდ
Bank of America – $2.7 მლრდ
Barclays – $2.7 მლრდ
MUFG – 2.7 მლრდ
BNP Paribas – $650 მლნ
Mizuho – $475 მლნ
Societe Generale – $275 მლნ
დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანხის მოზიდვაში ილონს მასკს მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც ეხმარება. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟა მასკის გეგმას 500 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
ვრცლად მასკის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ: რეალურად რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას?