Neuralink-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გასულ შაბათ-კვირას ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისი (BCI) მისი კლინიკური კვლევის მერვე და მეცხრე მონაწილეს ჩაუნერგა. ილონ მასკის კომპანიამ დასძინა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Neuralink-მა ერთ დღეში ორი ოპერაცია ჩაატარა. აღნიშნული განცხადება მან მასკისავე საკუთრებაში არსებულ სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გააკეთა.
ილონ მასკის კომპანიის განცხადებით, ოპერაციებმა კარგად ჩაიარა და კვლევის ორივე მონაწილე თავს შესანიშნავად გრძნობს. Neuralink-ს ცდისპირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.
Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა აშშ-ის მარეგულირებლისგან, FDA-სგან, 2023 წელს მიიღო. მასკის კომპანიამ იმპლანტი პირველად ადამიანზე 2024 წლის იანვარში გამოცადა. ცდისპირი 29 წლის ნოლანდ არბო იყო — კვადრიპლეგიის მქონე მამაკაცი. ის დაივინგისას, უბედური შემთხვევის შედეგად, მხრების ქვემოთ პარალიზებული დარჩა. Neuralink-ის ტვინის იმპლანტის გადანერგვის შემდეგ კი, კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარალიზებულმა პაციენტმა ჭადრაკის ონლაინ თამაში ფიქრის საშუალებით შეძლო. არბოს განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგია ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენასა და ახალი სოციალური კავშირების დამყარებაში დაეხმარა.