ხუთშაბათს, Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი ვარდის შედეგად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და აქციონერის, ილონ მასკის წმინდა 17 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. აქციების გაუფასურება ავტომწარმოებლის მეორე კვარტალის არასახარბიელო ფინანსურმა შედეგებმა და მასკის გაფრთხილებამ გამოიწვია – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, ავტომწარმოებელს, სავარაუდოდ, წინ კიდევ „რამდენიმე რთული კვარტალი“ ელის.
გუშინ Tesla-ს აქციების ღირებულება 9%-ზე მეტით დაეცა და 302 დოლარს ოდნავ ჩამორჩა. აქციების მკვეთრი გაუფასურება 23 ივლისს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ II კვარტალში მიღებულმა შემოსავლებმა $22.5 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 12%-იან კლებას გულისხმობს. ამ ვარდნას მეორე კვარტალში ავტომობილების მიწოდებაში 13%-იან კლებას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, Tesla-ს მოგება 16%-ით შემცირდა და $1.17 მილიარდი შეადგინა.
აქვე უნდა ითქვას, რომ Tesla-ს მიერ მარეგულირებლებისაგან მიღებული სუბსიდიების მოცულობა მეორე კვარტალში $439 მილიონით განისაზღვრა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის $600 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ წინა ადმინისტრაციის ელექტრომობილების პოლიტიკის ცვლილებაა, რის მიხედვითაც აშშ-ის საჯარო სამსახურებს ავტოპარკის ელექტრიფიცირების ვალდებულება მოეხსნათ.
აქციების ფასის ვარდის ფონზე, ავტომწარმოებელში ილონ მასკის დაახლოებით 12%-იანი წილის ღირებულება 136.3 მილიარდი დოლარიდან 123.7 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებას 12.6 მილიარდი დოლარი გამოაკლდა. გარდა ამისა, მასკის დარჩენილი 9%-იანი ბონუს-კაპიტალის ღირებულება, რომელიც Forbes-ის მიერ 50%-იანი განაკვეთით არის შეფასებული, 5 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი მოცემული დროისთვის $399.5 მილიარდს ფლობს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს უნარჩუნებს.