მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. Forbes-ის მონაცემებით, ხუთშაბათს, სავაჭრო სესიის დახურვისას, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აქციების ფასის 4%-იანი მატების შედეგად, მასკის ქონებამ $788 მილიარდს გადააჭარბა.
Tesla-ს აქციების ღირებულების 4.2%-იანი ზრდა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მასკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა. როგორც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ფორუმზე დამსწრეებს განუცხადა, Tesla-ს რობოტაქსების სერვისი წლის ბოლომდე აშშ-ის მასშტაბით „ძალიან, ძალიან გავრცელებული“ იქნება. რობოტაქსების ფლოტი პირველად გასული წლის ივნისში, ოსტინში გამოჩნდა.
შედეგად, მასკის გამოსვლის შემდეგ Tesla-ს ფასმა ერთ აქციაზე $499-ს გადააჭარბა, ხოლო თავად ბიზნესმენის ქონება თითქმის $13 მილიარდით (1.7%-იანი მატება) გაიზარდა. Forbes-ის რეიტინგში მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია გაიმყარა და კიდევ უფრო გაუსწრო Google-ის თანადამფუძნებლებს – ლარი პეიჯსა ($270.4 მილიარდი) და სერგეი ბრინს ($249.5 მილიარდი), რომლებიც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ.
Tesla მეოთხე კვარტალის შემოსავლებს 28 იანვარს, ბაზრის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნებს. ამ თვის დასაწყისში კომპანიამ კვარტალში 434,000-ზე მეტი ავტომობილის წარმოებისა და 418,000 ერთეულის გაყიდვის შესახებ განაცხადა. გამოდის, რომ Tesla-ს გაყიდვების მაჩვენებელი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ითაა შემცირებული.
ილონ მასკი შესაძლოა პირველი ადამიანი გახდეს, რომლის ქონებაც $1-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწევს. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში მასკის ქონება $300 მილიარდზე მეტით გაიზარდა. ამას ემატება Tesla-ს ინვესტორების მიერ ნოემბერში ილონ მასკისთვის დამტკიცებული $1-ტრილიონიანი კომპენსაციის პაკეტი, რომლის მიღებასაც კომპანიის CEO იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მომდევნო 10 წლის განმავლობაში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია დღევანდელი 1 ტრილიონიდან 8.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.













