ილონ მასკის თქმით, ჰუანგის სამუშაოდ მიწვევა მისთვის პატივი იქნებოდა

ილონ მასკის თქმით, ჰუანგის სამუშაოდ მიწვევა მისთვის პატივი იქნებოდა

ილონ მასკის განცხადებით, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის, თავის კომპანიაში სამუშაოდ მიწვევა მისთვის „პატივი“ იქნებოდა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის CEO-ს პოსტიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავდა.

SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, Nvidia-ს ხელმძღვანელს მხარდაჭერა სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოუცხადა. მანამდე ფინანსურმა ბლოგერმა ZeroHedge-მა მასკს მიმართა და დაწერა: „ილონ, გთხოვ, ჯენსენი დაიქირავე“. ამ მიმართვის პასუხად კი მასკმა განაცხადა: „ეს ჩემთვის პატივი იქნებოდა“.

როგორც გითხარით, მასკის განცხადების ფონზე, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებას განიხილავდა.

ამის მიზეზად მედიაში გავრცელებული ცნობები სახელდება, რომელთა მიხედვითაც, მილიარდერი ხელმძღვანელი ქორწინების მიღმა ორ ქალთან ურთიერთობაში იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი, აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ეჭვით, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, მეორე კი Nvidia-ს მაღალი რანგის აღმასრულებელი პირია.

ჰუანგმა მეუღლის ღალატი საჯაროდ აღიარა და ოჯახს ბოდიში მოუხადა. ამასთან, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებაც გადაწყვიტა, რათა დაედგინა, არსებობდა თუ არა კომპანიისთვის ან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რაიმე საფრთხე. თუმცა თავდაპირველად საბჭომ ჯენსენ ჰუანგსა და მის ხელმძღვანელობას ნდობა გამოუცხადა.

ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ს თანადამფუძნებელია და კომპანიას 1993 წლიდან ხელმძღვანელობს. Forbes-ის შეფასებით, ჯენსენ ჰუანგის ქონება ამჟამად დაახლოებით 151.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-11 ადგილს ანიჭებს. Nvidia-ს აქციების გაუფასურება, თუ ეს ტენდენცია ხუთშაბათის სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგაც შენარჩუნდება, მისი ქონების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.