მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, შაბათს, არაფორმალურად საკუთარი პოლიტიკური პარტია, „ამერიკის პარტია“ დააარსა. ამის შესახებ მილიარდერმა თავისივე სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით განაცხადა.
მასკის მიერ ახალი პარტიის დაარსება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ტრამპის მხარდაჭერილი საბიუჯეტო და საგადასახადო რეფორმების კანონპროექტის დამტკიცებას უკავშირდება. კანონპროექტს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. მასკი, რომელიც კანონპროექტს „გულისამრევ საშინელებას“ უწოდებს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს სულ მცირე $3.3 ტრილიონით გაზრდის.
როგორც ილონ მასკმა X-ზე დაწერა, აშშ-ის მოსახლეობა ერთპარტიულ სისტემაში ცხოვრობს, როდესაც საქმე, ფლანგვითა და კორუფციით, ამერიკის გაკოტრებას ეხება. პარტიის დაარსების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, მილიარდერმა პლატფორმის საშუალებით გამოკითხვაც ჩაატარა იმის გასარკვევად, სურდათ თუ არა ამერიკელებს „დამოუკიდებლობა ორპარტიული (ზოგისთვის ერთპარტიული) სისტემისგან“.
მასკის გამოკითხვაში მონაწილეობა 1.2 მილიონმა მომხმარებელმა მიიღო, მათგან ახალი პარტიის ინიციატივას ხმა მოქალაქეთა 64.5% მისცა. ამ ეტაპისთვის უცნობია, დაარეგისტრირა თუ არა ოფიციალურად მილიარდერმა „ამერიკული პარტია“, რადგან პოლიტიკური პარტიის ჩანაწერები ფედერალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ ეტაპისთვის არ იძებნება.