ილონ მასკმა აშშ-ის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა

ილონ მასკმა აშშ-ის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა

გუშინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-2 პოზიცია დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes-ი ავრცელებს.

მასკმა პოზიციების დაბრუნება მას შემდეგ შეძლო, რაც სიმდიდრით Amazon-ის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო.

Forbes-ის დათვლებით, ილონ მასკის ქონება ორშაბათს დაახლოებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, ბეზოსმა კი საკუთარ სიმდიდრეს მხოლოდ 450 მილიონი აშშ დოლარი შემატა.

Forbes Real-Time Billionaire List-ის მიხედვით, ამ დროისთვის ილონ მასკის ქონების ღირებულება 194.2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რის შედეგადაც ის მსოფლიოში მე-2 უმდიდრესი ადამიანია. ჯეფ ბეზოსის ქონება კი 192.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რისი წყალობითაც ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-3 ადგილს იკავებს.

როგორც ხედავთ, სხვაობა საკმაოდ მცირეა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Amazon-ის დამფუძნებელს პოზიცია კვლავ დაუთმოს.

რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ის ფრანგი ბერნარ არნოა – მოდის ინდუსტრიის გიგანტის, LVMH-ის ხელმძღვანელი. არნოს ქონება ამჟამად 234.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.