ფოტო: Getty Images
ილონ მასკის ქონება ოთხშაბათს დილით დაახლოებით $21 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც SpaceX-ის აქციების ფასი 2%-ით დაეცა. კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის დაფინანსების მოზიდვას გეგმავს.
Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მონაცემების თანახმად, თბილისის დროით 19:35 საათისთვის მასკის ქონება $1.03 ტრილიონს შეადგენდა. ეს 2.04%-იანი კლებაა, რაც ტრილიონერობის სტატუსის დაბრუნებიდან სულ რაღაც ორ დღეში დაფიქსირდა.
SpaceX-ის აქციების ფასი 2%-ით, $168.86-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Nvidia-სგან ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. გამოცემის ცნობით, თანხის დაახლოებით $30 მილიარდი „საინვესტიციო კლასის“ სესხის სახით, კიდევ $10 მილიარდი კი საბანკო კრედიტების გზით უნდა მოიზიდონ.
გარიგების პროცესში, სავარაუდოდ, აქტივების მმართველი კომპანია Apollo Global Management-ი და Pacific Investment Management Co. მონაწილეობენ. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და საბოლოო შეთანხმება შესაძლოა არ შედგეს. ამჟამინდელი გეგმით, გარიგება 2027 წელს უნდა დასრულდეს.
მასკის ქონების შემცირებაზე გავლენა Tesla-ს აქციების ფასის კლებამაც მოახდინა. კომპანიის ფასიანი ქაღალდები დაახლოებით 1.5%-ით, $375.38-მდე შემცირდა. მასკი Tesla-ს თითქმის 11%-ს ფლობს. ამასთან, Nvidia-ს აქციების ფასი 1%-ზე ნაკლებით დაეცა და $237 შეადგინა.
ოთხშაბათის კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ორშაბათის ფონზე, როდესაც SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ფასის ზრდამ მასკის ქონებას ერთ დღეში $30 მილიარდზე მეტი შემატა და მან ტრილიონერის სტატუსი კვლავ მოიპოვა. იმავე დღეს SpaceX-ის აქციები 5%-ზე მეტით გაძვირდა მას შემდეგ, რაც Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი იაფად იყო შეფასებული.
ამ დროისთვის $1.03-ტრილიონიანი ქონებით ილონ მასკი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში პირველ ადგილს ინარჩუნებს. მეორე პოზიციაზე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონებაც $374 მილიარდად არის შეფასებული.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი











