ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Tesla-ს აქციათა ფასების 2%-იანი ზრდის გავლენით, ხუთშაბათის მონაცემებით, მასკის ქონება $1.8 მილიარდით გაიზარდა და $210.4 მილიარდს მიაღწია. ბიზნესმენი ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში აქციათა 13%-ის მფლობელია.
ამერიკელმა მილიარდერმა რეიტინგში LVMH-ის თავმჯდომარეს, ბერნარ არნოს გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა. ამჟამად მასკი $210.4 მილიარდის, ხოლო ფრანგი ბიზნესმენი $209.4 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს. Forbes-ის რეიტინგის მესამე ადგილზე ჯეფ ბეზოსია ($202.5 მილიარდი), შემდეგ მოდის მარკ ცუკერბერგი ($173 მილიარდი) და ლარი ელოსონი ($153 მილიარდი).
მასკმა, არნომ და ბეზოსმა, ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული რამდენჯერმე გაცვალეს. უკანასკნელ სამ თვეში Amazon-ის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში Tesla-სა და LVMH-ის აქციების ღირებულება, შესაბამისად, 1.4%-ითა და 8%-ით შემცირდა.
მომდევნო კვირაში Tesla აქციონერთა კრებას მართავს, სადაც მასკისთვის $50-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტის აღდგენაზე იმსჯელებენ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომპანიაში მასკის წილი 13%-დან 22%-მდე გაიზრდება, რაც მილიარდერის ქონების ზრდაზეც იმოქმედებს. მასკის ქონების დიდი ნაწილი სწორედ Tesla-ში მის წილზე მოდის, ამასთან ერთად კი, მილიარდერის საკუთრებაშია პლატფორმა X, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI და SpaceX-ი.