ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აქციების ღირებულება 5%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის CEO-მ, ილონ მასკმა, ფირმის $1 მილიარდამდე ღირებულების აქციები შეისყიდა. ანალიტიკოსების შეფასებით, მასკის მიერ საკუთარი კომპანიის აქციების შეძენამ ინვესტორებში Tesla-ს მომავლისადმი ნდობა გაამყარა.
მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯამში კომპანიის 2.5 მილიონზე მეტი აქცია შეიძინა, რომელთა ჯამური ღირებულებაც $1 მილიარდს აღწევს. თითო აქციისთვის მასკის მიერ გადახდილმა თანხამ $372.37-დან $396.54-მდე შეადგინა. მარეგულირებლის ინფორმაციით, მილიარდერმა აქციები სხვადასხვა დროს, შესაბამისად, განსხვავებული ღირებულებით შეისყიდა.
ცნობისთვის, 2020 წლის დასაწყისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მასკმა Tesla-ს საჯაროდ დალისტული აქციები შეიძინა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გადაწყვეტილება კომპანიისთვის კრიტიკულ მომენტში მიიღო – მაშინ, როდესაც Tesla ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრად გარდაქმნას ცდილობს და, პარალელურად, ელექტრომობილების გაყიდვების შემცირებას ებრძვის.
LSEG-ის დეკემბრის მონაცემებით, მასკი Tesla-ს დაახლოებით 13%-იან წილს ფლობს, რაც მას ავტომწარმოებლის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. თუმცა მილიარდერს Tesla-ზე კონტროლის გასაძლიერებლად კომპანიაში საკუთარი წილისა და ხმის მიცემის უფლების გაზრდა აქვს გადაწყვეტილი. მასკმა ისიც განაცხადა, რომ თუ საბჭოში ხმის მიცემის უფლების 25%-ს ვერ მიიღებს, ის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ბიზნესს Tesla-სგან დამოუკიდებლად აწარმოებს.
გარდა ამისა, Tesla-ს საბჭომ ილონ მასკს $1-ტრილიონიანი ანაზღაურების პაკეტიც შესთავაზა. თუმცა ამ ანაზღაურებას მასკი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მომავალი ათი წლის განმავლობაში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია სულ მცირე $8.5 ტრილიონს მიაღწევს. ანაზღაურების პაკეტისთვის ხმის მისაცემად კომპანია აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრას 6 ნოემბერს გამართავს.