ილონ მასკმა Tesla-ს წამყვანი აღმასრულებელი ომიდ აფშარი გაათავისუფლა

ილონ მასკმა Tesla-ს წამყვანი აღმასრულებელი ომიდ აფშარი გაათავისუფლა

ილონ მასკმა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში Tesla-ს ოპერაციების ხელმძღვანელი, ომიდ აფშარი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აფშარი, რომელიც ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელს 2017 წელს ინჟინრად შეუერთდა, გასული წლის ოქტომბერში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დაინიშნა.

აფშარის Tesla-დან დათხოვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მეორე კვარტალის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. პარალელურად კი, კომპანიის აღმასრულებლის გათავისუფლება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების ვარდნასა და ბრენდის პოპულარობის შემცირებას დაემთხვა. გარდა ამისა, მაისის მონაცემებით, გაყიდვების 15%-იანი ვარდნა ფიქსირდება Tesla-ს უმსხვილეს ბაზარზეც, ჩინეთში.

ანალიტიკოსები 30 ივნისს დასრულებული კვარტალისთვის, Tesla-ს ელექტრომობილების გლობალური მიწოდების სულ მცირე 10%-ით ვარდნას ვარაუდობენ. გასული წლის იმავე პერიოდისთვის, Tesla-მ გლობალურად 443,956 ერთეული ელექტრომობილის მიწოდება უზრუნველყო, ანალიტიკოსების პროგნოზით კი, აღნიშნული მაჩვენებელი წელს 392,800 ერთეულამდე შემცირდება.

Tesla-ს და თავად მილიარდერის რეპუტაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მასკის პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობამ მოახდინა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა DOGE-ი დატოვა და ტრამპს დაუპირისპირდა. მილიარდერი ახლა იმედებს Tesla-ს „რობოტაქსის“ სერვისზე ამყარებს, რომელიც სატესტოდ ოსტინში, 22 ივნისს გაეშვა.