ილონ მასკმა ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობა დატოვა

ილონ მასკმა ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობა დატოვა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. მილიარდერი, სულ რაღაც ხუთი თვის განმავლობაში, სპეციალურად შექმნილ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა.

„რადგან ჩემთვის, როგორც „მთავრობის სპეციალური თანამშრომლისთვის“ განკუთვნილი სამუშაო პერიოდი იწურება, მინდა მადლობა გადავუხარო პრეზიდენტ ტრამპს ფლანგვითი ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის. DOGE-ის მისია წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის სამთავრობო ცხოვრების წესად იქცევა“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, მასკის თანამდებობიდან წავლის პროცესი უკვე დაწყებულია.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკი „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ რანგში იყო წარმოდგენილი. იუსტიციის დეპარტამენტის წესდების საფუძველზე, „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ სამუშაო ვადა ფედერალურ მთავრობაში წლიურ 130 დღემდეა განსაზღვრული. დასაქმებულზე ვრცელდება თითქმის ყველა წესი და მითითება, რომლებიც სრულ განაკვეთზე მყოფ პირსაც ევალება, თუმცა ისინი უფრო ნაკლებად შემზღუდავია, რადგან მათი როლები დროებითია.

მასკმა, თანამდებობის დაკავებისას, პირობა დადო, რომ ყოველწლიურ ფედერალურ ბიუჯეტს $2 ტრილიონ დოლარამდე შეამცირებდა, რაც მთავრობის ხარჯების თითქმის ერთი მესამედია. მაისის მონაცემებით, DOGE-ის მიერ შემცირებული ხარჯების ოდენობა მხოლოდ $175 მილიარდს აღწევდა. ბოლო კვირების განმავლობაში ილონ მასკმა კანონმდებლები დეპარტამენტის პროგრესის შეფერხებაში არაერთგზის დაადანაშაულა.

მასკმა წარმომადგენელთა პალატის მიერ გასულ კვირას მიღებული საგადასახადო კანონპროექტიც გააკრიტიკა. მისი აზრით, კანონპროექტი, რომელიც კონგრესში ტრამპის მთავარი პრიორიტეტია, ბიუჯეტის დეფიციტს სულ მცირე $3.3 ტრილიონით გაზრდის.

მასკი, რომლის ქონებაც, Forbes-ის მონაცემებით, $428 მილიარდს აჭარბებს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ტრამპის მთავარი დონორი იყო. რესპუბლიკელთა კანდიდატისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მასკმა $250 მილიონზე მეტი დახარჯა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მილიარდერმა საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირება დააანონსა და განაცხადა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის უკვე „საკმარისი“ შემოწირულებები გააკეთა.