ილონ მასკმა ტრილიონერის სტატუსი კვლავ დაკარგა – მისი ქონება ერთ დღეში $36.4 მილიარდით შემცირდა

ილონ მასკმა ტრილიონერის სტატუსი კვლავ დაკარგა – მისი ქონება ერთ დღეში $36.4 მილიარდით შემცირდა

ილონ მასკმა ხუთშაბათს ტრილიონერის სტატუსი, მისი აღდგენიდან რამდენიმე დღეში, კვლავ დაკარგა. Forbes-ის თანახმად, მასკის ქონება ერთ დღეში $36.4 მილიარდით შემცირდა და $991.6 მილიარდი შეადგინა. დანაკარგი SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების გაუფასურებას უკავშირდება.

SpaceX-ის აქციები ხუთშაბათს დაახლოებით 3.5%-ით, $162-მდე შემცირდა, Tesla-ს აქციების ფასი კი 2%-ზე მეტით დაეცა და დაახლოებით $370 შეადგინა. SpaceX-ის აქციებზე ზეწოლა გააძლიერა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, კომპანია Nvidia-ს ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის მოზიდვას განიხილავს. გეგმა $30 მილიარდის ოდენობის საინვესტიციო დონის სესხსა და $10 მილიარდის საბანკო კრედიტს ითვალისწინებს.

მასკმა ტრილიონერის სტატუსი პირველად 12 ივნისს მოიპოვა, როდესაც SpaceX საჯარო კომპანია გახდა. მისი ქონების ღირებულებამ პიკს $1.45 ტრილიონზე მიაღწია, თუმცა მოგვიანებით SpaceX-ის აქციების მრავალდღიანი ვარდნისა და Tesla-ს აქციებთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების გამო მასკის ქონება $962 მილიარდამდე შემცირდა. მან სტატუსი ორშაბათს დაიბრუნა, როდესაც SpaceX-ის აქციები 5%-ზე მეტით, Tesla-სი კი 1%-ით გაიზარდა.

ოთხშაბათს მასკის ქონება უკვე დაახლოებით $21 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც SpaceX-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით დაეცა. ამის მიზეზი სწორედ Nvidia-ს ჩიპების შესაძენად დაფინანსების მოზიდვის შესაძლო გეგმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გახდა. მანამდე, ორშაბათს, SpaceX-ის აქციების ზრდას Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების შეფასებამაც შეუწყო ხელი – მათ კომპანიის აქციები „იაფად“ მიიჩნიეს.

მასკი Tesla-ს დაახლოებით 11%-სა და SpaceX-ის 38%-ს ფლობს, რის გამოც მისი ქონების ღირებულება ორივე კომპანიის აქციების ფასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

მიუხედავად ბოლო დღეების დანაკარგებისა, მასკი Forbes-ის რეალურ დროში განახლებად მილიარდერთა რეიტინგში პირველ ადგილს ინარჩუნებს. მეორე პოზიციაზე ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონებაც $374.7 მილიარდად არის შეფასებული.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი