ამერიკელმა მილიარდერმა და Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა კვირას ახალი ვებგვერდი, X.com-ი ჩაუშვა, რომელსაც პირდაპირ Twitter-ზე გადაჰყავხართ. ილონ მასკის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სოციალური მედიაპლატფორმის რებრენდინგის ნაწილია.
Twitter-ის ახალი მფლობელი ბრენდის ცნობილი ლოგოს, ჩიტის, X-ით ჩანაცვლებასაც გეგმავს. მისივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ვებგვერდზე უახლოეს პერიოდში აისახება.
ცნობისთვის, დომენი X.com-ი ილონ მასკმა PayPal-ისაგან 2017 წელს შეიძინა. მისივე ინფორმაციით, ამ სიმბოლოს მისთვის „მნიშვნელოვანი სენტიმენტალური ღირებულება“ აქვს. ამის მაგალითები მის ბიზნესსაქმიანობაში მრავლადაა. მასკის კიდევ ერთ კომპანიას – SpaceX-ი, Tesla-ს ერთ-ერთ მოდელს – X-ი, ხოლო ონლაინ საბანკო კომპანიას (რომელიც Confinity-სთან გაერთიანების შემდეგ PayPal-ად გადაკეთდა) X.com-ი ერქვა.
გარდა ამისა, მასკმა წლის დასაწყისში ხელოვნური ინტელექტის კომპანიაც დააარსა, რომელსაც X.AI Corp-ი უწოდა. ილონ მასკი სიმბოლო X-ისადმი დამოკიდებულებას განსაკუთრებულ მიზეზებს არ მიაწერს.
Twitter-ისათვის დომენისა და ლოგოს შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა. შეგახსენებთ, დაახლოებით სამი თვის წინ Twitter-მა საკუთარ პარტნიორებსა და აქციონერებს შეატყობინა, რომ ბიზნესწარმოებას X Corp-ის სახელით განაგრძობდა. შესაბამისად, პარტნიორებს ოფიციალურ კომუნიკაციებში Twitter Inc.-ის ნაცვლად X Corp-ის სახელის გამოყენებისაკენ მოუწოდა.
ილონ მასკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმა გასულ წელს $44 მილიარდად შეიძინა და მას შემდეგ პლატფორმის რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს.