საერთაშორისო სავალუტო ფონდის საფინანსო ინსტრუმენტით (Stand-By Arrangement) მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის 289 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსებას ითვალისწინებს.
IMF-ის მისიამ, რომელსაც ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობდა, 18 ნოემბრიდან – 31 მარტამდე წარმართა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანი სამწლიან ეკონომიკურ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა იყო.
„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ IMF-ის მისიას და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამის თაობაზე, რომელიც 210 მლნ სპეციალური ნასესხობის უფლებით ($289 მლნ) საქართველოს ქვოტის 100%-ის ოდენობის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ საკითხს IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ამა წლის მაისში განიხილავს“ – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს, თუმცა 2023 წლიდან ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ვარაუდობს.
„ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგები საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცემა და 2022 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 3%-მდე მცირდება, მოსალოდნელი ინფლაცია იზრდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება. ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. საქართველოს ეკონომიკამ წარსულში მდგრადობა გამოავლინა და მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ველით“.
IMF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ კრიტიკულ ვითარებაში.
„რიგმა გლობალურმა შოკებმა საქართველოში ინფლაცია გაზარდა და ის მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად მართებულად ფოკუსირებული რჩება და ამ თვალსაზრისით მიმდინარე და მომავალ წელს მნიშვნელოვან პროგრესს მოველით, რადგანაც ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი გლობალური ფაქტორები მიილევა.
ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად საქართველოს კარგ სამსახურს უწევს. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც შოკების შემწოვ ფუნქციას ასრულებს, კვლავ შენარჩუნდება და სავალუტო ინტერვენციები შეზღუდულად, ჭარბი მერყეობის შესარბილებლად და სავალუტო ბაზრის გაუმართავი მუშაობის პრევენციისათვის განხორციელდება.
საქართველოს საფინანსო სექტორმა მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა პანდემიის და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც განაპირობა ძლიერი საზედამხედველო და რეგულირების ჩარჩოს არსებობამ, მაკროპრუდენციული ზომების შემოღებისა და რეკალიბრაციის ჩათვლით. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და სათანადო ქმედებებმა, მათ შორის, ბანკებისთვის შესაბამისი სანქციების დაცვის მოთხოვნამ, ომის უარყოფითი გავლენა შეამცირა“. – აცხადებს ჯეიმს ჯონი.
მისიის მსვლელობისას, IMF-ის წარმომადგენლები შეხვდნენ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს; ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს; ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და მის წინამორბედს, ნათია თურნავას. შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ სხვა მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, საბანკო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები.