14 ივლისს ინდოეთი მთვარეზე მისია Chandrayaan-3-ის ფარგლებში ლენდერის გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა. შეგახსენებთ, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ლენდერის გაშვება აზიურმა სახელმწიფომ ოთხი წლის წინ, 2019 წლის 14 ივლისს სცადა, თუმცა მისია წარუმატებლად დასრულდა.
ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია (ISRO) ლენდერს მთვარეზე კოსმოსური აპარატით, Launch Vehicle Mark-III-ით (LVM3) გაუშვებს. ფრენა ინდოეთის სამხრეთით, კუნძულ შრიჰარიკოტაზე განლაგებული სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება.
მისიაში, კოდური სახელწოდებით LVM3 M4, მონაწილეობას მიიღებს ლენდერი, მამოძრავებელი მოდული და როვერი. მიზანი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაჯდომა, სხვადასხვა არეალში გადაადგილება და ადგილზე სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებაა.
გეგმის მიხედვით, Chandrayaan-3-ი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე აგვისტოში დაეშვება. თუ ყველაფერი დადებითად წარიმართება, ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარეზე დაშვება წარმატებით მოახერხა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლო.
2020 წლის იანვარში გაჟღერებული გეგმის მიხედვით, მისია Chandrayaan-3 თავდაპირველად 2022 წლისთვის უნდა განხორციელებულიყო. თუმცა 2019 წლის $140-მილიონიანი მისიის წარუმატებლობის მიზეზის დადგენამა და პრობლემების აღმოფხვრამ უფრო დიდი დრო მოითხოვა. შეგახსენეთ, ოთხი წლის წინ ინდოეთის კოსმოსური სააგენტოს აპარატი მთვარის ზედაპირზე შეხებამდე რამდენიმე წუთით ადრე მწყობრიდან გამოვიდა.
Chandrayaan-თან ერთად, ISRO სადებიუტო ეკიპაჟიანი კოსმოსური ფრენის, Gaganyaan-ის განხორციელებაზე მუშაობს. მისიის ფარგლებში, სამი ასტრონავტი დედამიწის ორბიტაზე სამ დღეს გაატარებს. ფრენა 2024 წლისთვის იგეგმება. ცნობისთვის, პროექტის ღირებულება $1.8 მილიარდს შეადგენს.