მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთმა ვაშინგტონში სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის გაგზავნის გეგმები გადადო. ინდოეთმა ვაჭრობის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამის მიზეზი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების გაუქმების შემდეგ შექმნილი გაურკვევლობაა.
აღსანიშნავია, რომ ეს აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველი რეაქციაა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც გეგმავს ყველა სახელმწიფოს ახალი, 15%-იანი დროებითი ტარიფი დაუწესოს, რაც კანონით დაშვებული მაქსიმუმია. ცნობისთვის, 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლი პრეზიდენტს 150 დღის განმავლობაში 15%-მდე ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას ანიჭებს. ამის შემდეგ საკითხს კონგრესი განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითია.
იხილეთ ასევე: ტრამპის თქმით, გლობალურ ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გაზრდის
„ვიზიტის გადადების გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღებული“, – უთხრა წყარომ Reuters-ს, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა. მისივე ინფორმაციით, „ვიზიტის ახალი თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული“.
წყაროს განმარტებით, ვიზიტის გადადება, ძირითადად, პარასკევს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობით იყო გამოწვეული.
ინდოეთის დელეგაცია ვაშინგტონში დღეს, 22 თებერვლას, უნდა გამგზავრებულიყო, რათა დროებითი სავაჭრო შეთანხმების დასასრულებლად მოლაპარაკებები გაემართა, მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ შეთანხმების ჩარჩოზე კონსენსუსს მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონი სადამსჯელო ტარიფებს, რომლებიც ნიუ-დელის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვებთან არის დაკავშირებული, 25%-ით შეამცირებდა.
იხილეთ ასევე: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ტარიფები უკანონოდ ცნო
შესაბამისად, აშშ-ის მიერ ინდურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 18%-მდე უნდა შემცირებულიყო, ხოლო ინდოეთი დათანხმდა ხუთი წლის განმავლობაში 500 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის შეძენას, ენერგომომარაგებიდან დაწყებული თვითმფრინავებითა და ნაწილებით, ძვირფასი ლითონებითა და ტექნოლოგიური პროდუქტებით დამთავრებული.
გასულ კვირას, ინდოეთის ვაჭრობის მინისტრმა პიუშ გოიალმა განაცხადა, რომ დროებითი შეთანხმება შეიძლება აპრილში ამოქმედდეს – მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში დელეგაციის ვიზიტის დროს გადაუჭრელი საკითხები მოგვარდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაგრძელდება აშშ-ინდოეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები.








