ფოტო: Prakash Singh / AFP via Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთთან ახალი სავაჭრო შეთანხმების დეტალები გაამჟღავნა, რომლის თანახმად, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმის სანაცვლოდ, შეერთებული შტატები ინდურ პროდუქციაზე დაწესებულ 50%-იან ტარიფებს 18%-მდე შეამცირებს.
აღნიშნული სიახლე დონალდ ტრამპმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან საუბრის შემდეგ გაავრცელა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ამიერიდან ინდოეთი ნავთობს შეერთებული შტატებისგან და, პოტენციურად, ვენესუელისგან შეიძენს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აშშ აუქმებს ინდოეთისათვის რუსული ნავთობის შესყიდვის გამო დაწესებულ 25%-იან „სადამსჯელო“ გადასახადს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გასულ წელს დაწესებულ საპასუხო 25%-იან ტარიფებს დაემატა. ჯამში კი ინდოეთისათვის დაკისრებული საიმპორტო გადასახადი 50%-ს შეადგენდა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტული ინდური კომპანიების აქციათა ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ინდოეთი შეერთებული შტატებისგან $500 მილიარდის ღირებულების ენერგეტიკულ რესურსებს, ქვანახშირს, ასევე ტექნოლოგიურ და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შეიძენს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებაზე უარის გამო დამატებით 25%-იანი ტარიფები გასული წლის 6 აგვისტოს დაუწესა.
ცნობისთვის, 2024 წელს ინდოეთიდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ $87 მილიარდი შეადგინა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსი $190 მილიარდია. ინდოეთი აშშ-ში ისეთი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს, როგორიცაა: სმარტფონები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ქვები, სამედიცინო პროდუქტები, მედიკამენტები და სხვა.















