ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT-ისა და მისი მსგავსი სერვისების განვითარებასთან ერთად, ინდუსტრიებისა და ადამიანთა ყოველდღიურობას ძირეულად გარდაქმნის. AI-ტექნოლოგიებმა ახლა უკვე სამუშაო ბაზარზეც გადაინაცვლა და, სავარაუდოდ, მომავალში არსებულ პოზიციათა ნაწილსაც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.
Morgan Stanley Capital International-მა (MSCI) ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ინდუსტრიები და მათზე ხელოვნური ინტელექტის გავლენა შეისწავლა. ანალიზი Goldman Sachs Global Investment Research-ის 2023 წლის მარტის ანგარიშზე დაყრდნობითაა შედგენილი. ავტორებმა O*NET-ის პროფესიულ მონაცემთა ბაზების საშუალებით, აშშ-ში 900-ზე მეტ პოზიციაზე ავტომატიზაციის შესაძლებლობა შეისწავლეს თითოეული პროფესიისთვის დამახასიათებელ დავალებებსა და მოთხოვნებთან მიმართებით. AI-ის გავლენა თითო პოზიციისთვის დასაქმების წილითა და ინდუსტრიის დონესთან შედარებითაა წარმოდგენილი.
MSCI-ის შედეგებზე დაყრდნობით, ხელოვნური ინტელექტის სამუშაო ბაზარზე შემოსვლით, განსაკუთრებით საოფისე და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სფეროებში დასაქმებული პირები დაზარალდებიან, რადგან მათ მიერ შესრულებული სამუშაოს 45%-ზე მეტს სწორედ AI დაფარავს. AI-ის შეეძლება ისეთი დავალებების შესრულება, როგორიცაა მონაცემთა შეყვანა, შეხვედრების დაგეგმვა და დოკუმენტების მართვა.
მეორე ყველაზე მოწყვლადი AI-ტექნოლოგიების მიმართ, საკმაოდ მაღალი 44%-იანი წილით, იურიდიული სფეროა. სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა სხვადასხვა იურიდიული პროცესის, მათ შორის კონტრაქტების ანალიზისა და სასამართლო საქმეების შედეგების პროგნოზირებისთვისაც იქნას გამოყენებული.
როგორც მოსალოდნელია, ინდუსტრიები, რომლებიც დიდწილად ადამიანის მიერ, ხელით შესრულებულ სამუშაოს ეყრდნობიან, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ნაკლებად მოწყვლადები იქნებიან. ასეთი ტიპის სამუშაოებში შედის, მაგალითად, მშენებლობა და სამთო-მოპოვებითი სამუშაოები.
თუმცა AI ჯერ კიდევ ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიაა. მისი გავლენა კი როგორც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, ასევე მოსახლეობის მხრიდან მის მიღებაზეა დამოკიდებული. როგორც კვლევებიდანაც ჩანს, AI-ის მიმართ მსოფლიო მასშტაბით დამოკიდებულება განსხვავებულია. ყველაზე რადიკალური სცენარის შემთხვევაში, Goldman Sach-ის დაკვირვებით, ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზაციამ შესაძლოა გავლენა გლობალურად 300 მილიონამდე სამუშაო ადგილზე მოახდინოს, რაც პოტენციურად წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-იან ზრდას გამოიწვევს (დაახლოებით $7 ტრილიონი).
სფეროების ათეული, რომლებზეც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე დიდი გავლენა (აშშ-ში დასაქმების სავარაუდო წილი, რომლებიც AI-ს ექვემდებარება):
- საოფისე და ადმინისტრაციული მხარდაჭერა – 46%
- იურიდიული მომსახურება- 44%
- არქიტექტურა და ინჟინერია – 37%
- ფიზიკური და სოციალური მეცნიერებები – 36%
- ბიზნესის და ფინანსური ოპერაციები – 35%
- საზოგადოებრივი და სოციალური სამსახური – 33%
- მენეჯმენტი – 32%
- გაყიდვები და მასთან დაკავშირებული სფეროები – 31%
- კომპიუტერული და მათემატიკური მომსახურება – 29%
- მიწათმოქმედება, მეთევზეობა და მეტყევეობა – 28%