საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ და ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული ჰაბი „ინერი“ ახალ პროექტს იწყებენ. Wiener Städtische Versicherungsverein-ის მხარდაჭერით, ინიციატივა სმენისა და მეტყველების განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და პროფესიონალურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტი ხორციელდება MAC Georgia-სა და დიზაინ ინსტიტუტთან პარტნიორობით. ის აერთიანებს ციფრულ რესურსებს, საგანმანათლებლო კონტენტსა და პროფესიონალურ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ სერვისებზე წვდომას.
ინიციატივის ფარგლებში „ინერის“ პლატფორმა და მასზე განთავსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საგანმანათლებლო მასალები სმენისა და მეტყველების განსხვავებული საჭიროებების მქონე მომხმარებლებისთვის ადაპტირდება. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება სანდო ინფორმაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის თვითშეფასებისა და მხარდაჭერის პრაქტიკული ციფრული ინსტრუმენტები, ასევე პროფესიონალურ დახმარებაზე წვდომა.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ინფორმაციის მიღებიდან პროფესიონალურ დახმარებამდე ერთიანი გზის შექმნაა. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეებში, სერტიფიცირებულ სპეციალისტებთან.
ამგვარად, პროექტი მხოლოდ ციფრული კონტენტის ადაპტირებას არ გულისხმობს — მისი მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის უფრო ხელმისაწვდომი და ინკლუზიური მოდელის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საჭიროების სხვადასხვა ეტაპზე შესაბამის რესურსსა და პროფესიონალურ დახმარებას სთავაზობს.
„ინერისთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობის მაქსიმალურად მრავალმხრივი შესაძლებლობა მივცეთ. მენტალური კეთილდღეობა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, განურჩევლად მისი მდგომარეობისა თუ ინდივიდუალური საჭიროებებისა.
გვჯერა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრ კომპანია „ირაოსთან“ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში სმენისა და მეტყველების განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უფრო ინკლუზიური მიდგომის ჩამოყალიბებას“, —ნიკა ჩილინდრიშვილი, „ინერის“ თანადამფუძნებელი.
„ირაოსთვის სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ დეკლარაცია არ არის — ის ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სმენისა და მეტყველების განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანები ხშირად ხვდებიან ინფორმაციისა და სხვადასხვა სერვისის მიღმა, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიც ფსიქიკური ჯანმრთელობაა.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფის, Wiener Städtische Versicherungsverein-ის მხარდაჭერით, ინერთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო ხელმისაწვდომი გარემო, სადაც ადამიანები საჭირო ინფორმაციასა და პროფესიონალურ დახმარებას დამატებითი ბარიერების გარეშე მიიღებენ. გვჯერა, რომ მსგავსი თანამშრომლობები უფრო ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნას უწყობს ხელს“, — ვახტანგ დეკანოსიძე, „ირაოს“ გენერალური დირექტორი.
S










