„ინნ ჰოსფითალითი“ - თქვენი უცვლელი მასპინძელი

„ინნ ჰოსფითალითი“ - თქვენი უცვლელი მასპინძელი

სასტუმროების ქსელი „ინნ ჰოსფითალითი“, ბაზარზე ოთხი სასტუმროთი ოპერირებს. თითოეული მათგანი გამორჩეული კონცეფციისაა და ვიზიტორებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფს. „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე სასტუმროების ქსელის მთავარ უპირატესობებზე გვესაუბრა.

როგორ შეიქმნა სასტუმროების ქსელიინნ ჰოსფითალითი“ და როგორია მათი საქმიანობა და პრიორიტეტები?

„ინნ ჰოსფითალითი“ – ეს გახლავთ კორპორაციული ქოლგა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში შეიქმნა და მოიცავს ოთხ სასტუმრო ობიექტს, ესენია „ბაკურიანი ინნი“, „გუდაური ინნი“, „ახალციხე ინნი“, „როიალ ინნი“.

„ინნ ჰოსფითალითის“ საქმიანობა გახლავთ სასტუმროებში კომერციული მიმართულების წარმატებულად განხორციელება და მომხმარებლების საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება. შესაბამისად, კომპანიის პრიორიტეტია გრძელვადიან პერსპექტივაში მოგებიანი სტრატეგიის შემუშავება და საერთაშორისო საოპერაციო პროცედურების ინტეგრირება ქართულ ბიზნესში. სწორედ ამიტომ კომპანიის საქმიანობის თავდაპირველ ეტაპზე თითოეული ობიექტისათვის შეიქმნა ბრენდის პლატფორმა, შემუშავდა და დაინერგა საფასო პოლიტიკა, გაყიდვების სტრატეგია, მარკეტინგული გეგმა და ციფრული მარკეტინგის ეკოსისტემა, რაც გარკვეულწილად უკვე აისახა კიდეც ბიზნესის მზარდ დინამიკაზე.

წლებია, სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობთ. რა გამოცდილება დაგიგროვდათ და რატომაა ეს სფერო თქვენთვის საინტერესო? როგორია თქვენი მენეჯერული სტილი და ხედვა?

მომსახურების სფეროში 2012 წლიდან ვმუშაობ და სასტუმროს თითქმის ყველა დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება დამიგროვდა, თუმცა ძირითადი საქმიანობა ამ წლების განმავლობაში მაინც კომერციული მიმართულება იყო – როგორც საერთაშორისო ბრენდებთან, ასევე ადგილობრივ კერძო სექტორში.

მოგეხსენებათ, ტურისტული ბიზნესი აერთიანებს მრავალ მიმართულებას, ისეთს, როგორიცაა სტუმრებთან ურთიერთობა და მათი განთავსება, სარესტორნე ბიზნესი, სპა-მიმართულება, ღონისძიებების ნაწილი, ტურისტული მარშრუტები და სხვა.

შესაბამისად, სფერო იმდენად მრავალფეროვანია და იმდენ ცოცხალ პროცესს მოიცავს, რომ შეუძლებელია, საინტერესო არ იყოს. მით უფრო, როდესაც შენი საქმიანობა არის პირდაპირი შესაძლებლობა, ამა თუ იმ გზით წარმოაჩინო და გააცნო უცხოელ ვიზიტორებს და ტურისტებს შენი ქვეყნის უძველესი ისტორია, უდიდესი კულტურა, ბუნება და კულინარია – რაც კიდევ ცალკე ხელოვნებაა და თვითონვე მოგვითხრობს თითოეული კუთხის განსხვავებულ ისტორიას. ამ ყველაფრით მოხიბლული მომხმარებლის დადებითი უკუკავშირი კი კიდევ უფრო მეტად გაყვარებს პროფესიას და გარწმუნებს მისი არჩევის სისწორეში.

რაც შეეხება მენეჯმენტს, სრულად ვეთანხმები ჰენრი ფორდს და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: „გაერთიანება არის დასაწყისი, ერთმანეთის შენარჩუნება – პროგრესი, ხოლო წარმატება – ერთობლივი შრომა“.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მიზანმიმართული და გუნდური დისციპლინური შრომა არის ის, რასაც ყოველთვის აქვს მყარი და ნაყოფიერი შედეგი და ჩვენი სამუშაო პროცესებიც ამ ხასიათისაა.

თქვენი ერთერთი გამორჩეული პროექტია სასტუმრო ახალციხე ინნი, რა პრინციპით შეირჩა სამცხის რეგიონი?

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს გამორჩეული მხარე და ტურისტულად საკმაოდ საინტერესო ლოკაციაა. ახალციხე არის ძალიან მიმზიდველი პროდუქტი ტურისტებისთვის თავისი კონცეფციით, ისტორიით, კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბევრი ვისაუბროთ ამ თემებზე და რეგიონი, თავისი ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით, უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ. ვფიქრობთ, რომ არსებობდა ისეთი სივრცის საჭიროება, სადაც ადამიანებს ტურისტული ადგილების დათვალიერებისა და განთავსების შესაძლებლობა ექნებოდათ. „ახალციხე ინნი“ არის პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ახალციხეში 105 ნომრით და წამყვანი პროდუქტია რეგიონში. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში. სასტუმროს შიდა სივრცე გაფორმებულია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით, მესხური ორნამენტებით, რაც თანამედროვე არქიტექტურას ერწყმის.

სამზარეულოს ნაწილზეც აქვე ვიტყვი, რომ გამორჩეულია მესხური სამზარეულო და „ახალციხე ინნში“ მოსულ სტუმრებს დახვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი ადგილობრივი კერძების, რომლებიც თანამედროვე ინტერპრეტაციით მზადდება. ჩვენი სურვილია, რომ აქ მყოფ სტუმრებს სულ ჰქონდეთ განცდა, რომ მესხეთის ისტორიულ მხარეში იმყოფებიან. ძირითადი აქცენტი ქართულ პროდუქციაზეა გაკეთებული. მუდმივად ვცდილობთ, სტუმრებს დავახვედროთ ძირძველი კუთხის, მესხეთის ტრადიციული კერძები, როგორიც არის აპოხტის ხინკალი, საქონლისა და ღორის აპოხტი, ლოკოკინები, სუჯუხი, მესხური პური, მესხური ქადა. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, რითაც ვუწყობთ ხელს ადგილობრივ წარმოებას.

რას მოიცავს ტურები ახალციხის სასტუმროდან რეგიონში?

სასტუმრო „ახალციხე ინნი“ სტუმრებს ტურებს შესთავაზებს რეგიონის მასშტაბით, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და მიიღოს ინფორმაცია იმ აუცილებლად სანახავი ლოკაციების შესახებ, რაც რეგიონში არსებობს. სამცხე-ჯავახეთი ტურისტულად ძალიან საინტერესო მხარეა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ მხარეში უფრო მეტ უცხოელ, ძირითადად, ევროპელ ტურისტს შეხვდებით, ვიდრე ქართველებს. გვსურს, რომ როგორც უცხოელებისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო გავხადოთ ეს მხარე.

„სასარგებლო ხეტიალი“ – ამ სახელწოდებით განხორციელდება სათავგადასავლო შემეცნებითი ტურები მესხეთში, მრავალი მიმართულებით: ახალციხის ციხე, გოდერძის უღელტეხილი, ხიხანის ციხე, ზარზმა, საღამოს ტბა, ფარავანი, ვარძია, საფარა, ფოკა, რომელიც ულამაზესია. ამ ადგილების შესახებ თითქოს გვსმენია, მაგრამ არ ვიცით ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი. მაგალითად, რა ისტორია აქვს გამოვლილი ახალციხის ციხეს, რომელიც მეცხრე საუკუნის ძეგლია. რა ერქვა ამ ადგილს თავდაპირველად? საიდან მოდის სიტყვა ახალციხე? დუხაბორების დასახლებები – ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემაა. სად ცხოვრობენ ახლა ეს ადამიანები. ისევ არის თუ არა დუხაბორების დასახლებები ჯავახეთში? ვარძია – კლდეში ნაკვეთი ქალაქი და თამარ მეფის ეპოქის მემატიანე.

ტურების დროს მონაწილეებს შეეძლებათ ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ღვინის დეგუსტაცია.

ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო ბაკურიანი ინნი. რა არის მისი მთავარი ნიში?

დიახ, „ბაკურიანი ინნი“ გამორჩეული სასტუმროა ჩვენს ქსელში. მას განსაკუთრებული ნიში აქვს, რადგან სიჯანსაღესთან, მოგზაურობასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება. სასტუმრო ერთნაირად სასურველი ადგილია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. ბაკურიანის ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ კურორტი დანიშნულების მთავარი ადგილი იყოს მთისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. სასტუმრო 154 ნომრისგან და რამდენიმე საკონფერენციო სივრცისგან შედგება.

კურორტის უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ სხვადასხვა სეზონზე იდეალურია დასასვენებლად.

ბაკურიანში მალე წიწვოვანი ხეების დამტვერვის პერიოდი იწყება და ამ დროს კურორტში ხშირად მკურნალობის მიზნითაც ჩამოდიან. სასტუმროში ხშირად ვგეგმავთ ღონისძიებებს ჩვენი სტუმრებისთვის. ახლაც მთელი აპრილის განმავლობაში სასტუმროში სტუმრებს „გაზაფხულის დღეების“ ფარგლებში ყოველ შაბათს მუსიკალური საღამოები ელოდებათ.

რით არის გამორჩეული გუდაური ინნი?

„გუდაური ინნში“ ძირითადად ახალგაზრდებს ვმასპინძლობთ. კომპლექსი ორ შენობას მოიცავს და 92 ნომრისგან შედგება. თითოეული ნომერი კი კურორტის ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს. ვისაც ექსტრიმი, თავგადასავლები და გართობა უყვარს, „გუდაური ინნში“ არაჩვეულებრივ დროს გაატარებს. სასტუმრო საუკეთესო ადგილია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. სასტუმროს ინტერიერი მთის სტილშია გადაწყვეტილი, ექსტერიერსაც ხის ფასადი აქვს. საკონფერენციო სივრცე, საუნა, რესტორანი, ბარი – სასტუმრო ამ სივრცეებისგან შედგება.

ტურისტულად აქტიურ ადგილებში განთავსებულ სასტუმროებთან შედარებით რა განსხვავებული კონცეფცია აქვს როიალ ინნს, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს?

„როიალ ინნი“ არის სასტუმრო, რომელიც ყველა სტუმარს თავს ნამდვილად თბილისურ გარემოში აგრძნობინებს. სასტუმროში უმეტესად უცხოელები სტუმრობენ. „როიალ ინნი“ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს. დედაქალაქის ვინტაჟური მომნუსხველი გარემო სასტუმროს ინტერიერშიც იგრძნობა. სასტუმრო 21 ნომრისგან შედგება. ინტერიერი თანამედროვე დიზაინისაა. შენობის ექსტერიერი კი რეაბილიტირებულია და თბილისურ სტილშია გადაწყვეტილი.

სასტუმრო საყვარელი ადგილია წყვილებისთვის, რომლებიც ყოველთვის გვიზიარებენ დადებით ემოციებს და ხშირად აღნიშნავენ, რომ „როიალ ინნი“ მათთვის კარგ მოგონებებთან ასოცირდება.

რომელ სასტუმროებში შეიძლება საკონფერენციო სივრცით სარგებლობა და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

სტუმრებს „ინნ ჰოსფითალითის“ სამივე სასტუმროში საკონფერენციო სივრცეებით სარგებლობა შეუძლიათ. ჩვენი სასტუმროები ძალიან კომფორტულია სამუშაო შეხვედრებისთვისაც. „ახალციხე ინნში“, „ბაკურიანი ინნსა“ და „გუდაური ინნში“ არსებული საკონფერენციო სივრცეები მუდმივად კარგ შეფასებებს იმსახურებს ჩვენი სტუმრების მხრიდან.

„ბაკურიანი ინნი“ 5 ინდივიდუალური საკონფერენციო სივრცისგან შედგება. სამუშაო სივრცეების სიმრავლე საშუალებას იძლევა, ერთდროულად რამდენიმე ჯგუფმა იმუშაოს სხვადასხვა სივრცეში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. „ნეტვორკინგისთვის“, „ტიმბილდინგისთვის“ თუ „ვორკშოპისთვის“. საკონფერენციოები სრულად აღჭურვილია შეხვედრებისათვის საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. სამუშაო სივრცეებთან ერთად, სასტუმრო სტუმრებს ყავის შესვენების, გალა-ვახშმისა და ფურშეტის მენიუს მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს. „გუდაური ინნში“ არსებულ საკონფერენციო სამუშაო სივრცეებთან ერთად, სასტუმროში ორი სარესტორნე სივრცეა.

რაც შეეხება „ახალციხე ინნს“, სასტუმროში ორ საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით. ეს სივრცეებიც, მსგავსად სხვა ინტერიერისა, გაფორმებულია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით და ძალიან საინტერესო გარემოს ქმნის. აქვე უზრუნველყოფილია ყველა საჭიროება პროდუქტიული მუშაობისათვის და, როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, განსხვავებული ყავის შესვენებებით – მენიუ მესხური სამზარეულოს დეტალებით. ჩვენთან მოსულ ადამიანებს სრული სერვისი შეგვიძლია შევთავაზოთ, მათ შეუძლიათ, იმუშაონ, დაისვენონ, დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები.

რა განსხვავებულ სერვისს სთავაზობთ თქვენი სასტუმროების ვიზიტორებს და რატომ ირჩევენ ტურისტები ,,ინნ ჰოსფითალითის ქსელს?

„ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალ სასტუმროებში ჩვენს სტუმრებს ბევრი ბენეფიტით სარგებლობა შეუძლიათ. „ბაკურიანი ინნსა“ და „ახალციხე ინნი“ არსებულ სპაში შეგიძლიათ, ისარგებლოთ სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურებით.

„ბაკურიანი ინნის“ არაჩვეულებრივი ეზო ბაკურიანში არსებულ სხვა სასტუმროების გარე სივრცეებს შორის გამორჩეულია თავისი სიდიდით და სილამაზით. ეზო შემოსაზღვრული და დაცულია და საშუალებას იძლევა, რომ სივრცეში მოეწყოს პიკნიკები, გრილი და დაიგეგმოს ე.წ. „ტიმბილდინგები“. სასტუმროში არსებულ რესტორანში არის ევროპული და ქართული ხაზის მენიუ, შესაძლებელია შვედური მაგიდის მოწყობა და, სურვილის შემთხვევაში, მუსიკალური საღამოების ორგანიზება.

რაც შეეხება „ახალციხე ინნს“, სასტუმროს აქვს შესაძლებლობა, რომ სამცხე-ჯავახეთის კულტურულ-ისტორიული მხარე უფრო მეტად გააცნოს ჩვენს სტუმრებს, შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებელია, ფორმალური შეხვედრების პარალელურად, სტუმრები განიტვირთონ სპა-ცენტრში და, ამავდროულად, შემეცნებითი ხასიათის საექსკურსიო ტურებით ისარგებლონ. ამის ორგანიზებას თავად სასტუმრო გააკეთებს.

ასევე, გავწევრიანდით სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში, რაც, ვფიქრობთ, ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა უფრო მეტი ვისაუბროთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, მეტ პროექტში ჩავერთოთ და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტი საკითხი გამოვკვეთოთ, რა მიმართულებებითაც დავგეგმავთ კამპანიებს. სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში ორი სასტუმროთი „ახალციხე ინნით“ და „ბაკურიანი ინნით“ ვიქნებით წარმოდგენილი. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც DMO-სთან ამ ფორმატით თანამშრომლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება სტიმული იქნება სხვა ბიზნესებისთვისაც, რომ გაწევრიანდნენ, რათა ერთად უფრო მეტი გავაკეთოთ რეგიონისთვის და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის. S