ისრაელური მედიასააგენტო Calcalist-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩიპების მწარმოებელი ამერიკული Intel Corp-ი ისრაელში $25 მილიარდის ღირებულების ქარხანას აღარ ააშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად Intel-ი ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს. სანაცვლოდ, კომპანია განმარტავს, რომ დიდი პროექტების განხორციელების ვადები შეიცვალა.
„ისრაელი კვლავ რჩება გლობალური წარმოებისა და კვლევა-განვითარების ჩვენთვის მთავარ ლოკაციად, ამ რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესი იგივე რჩება“, – ვკითხულობთ Intel-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ნახევარგამტარების ინდუსტრიაში, ხშირად ვადების ადაპტაციას მოითხოვს, ეს კი მეტწილად დამოკიდებულია ბაზრის დინამიკასა და ბიზნესის მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ისრაელის მთავრობამ Intel Corp-ს $25-მილიარდიანი ქარხნის ასაშენებლად $3.2 მილიარდის მოცულობის გრანტი გამოუყო. საწარმოს აშენებას Intel-ი ისრაელის სამხრეთით განიხილავდა. Fab 38 საწარმოს აშენება 2028 წელს უნდა დასრულებულიყო.
ამჟამად ისრაელში Intel Corp-ის განვითარებისა და წარმოების ოთხი ობიექტი ფუნქციონირებს. მათ შორის Intel 7-ის ტექნოლოგია სწორედ ისრაელში იწარმოება. ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი ისრაელში 12,000 ადამიანს ასაქმებს.