“სსფ მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას და იმავდროულად ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს”, – ინტერვიუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინისთან.
როგორ აფასებს ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ქმედებებს 2015 წელის საგარეო შოკის დროს?
2014 წლის მეორე ნახევრიდან საქართველო არაერთი საგარეო შოკის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. ნედლეულისა და საქონლის ფასების კლებამ შეამცირა ეკონომიკის ზრდის ტემპი რუსეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში (CCA), ეს ქვეყნები მნიშვნელოვანი ბაზრებია ქართული ექსპორტისა და ტურიზმისთვის. ამასთან ერთად, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაუფასურდა ვალუტა, რის გამოც ქართული ექსპორტი შედარებით გაძვირდა. და ბოლოს, გამყარდა აშშ დოლარი, რამაც გაზარდა ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიერ დოლარში აღებული სესხების მომსახურების ღირებულება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქონლის ფასების შემცირებამ დადებითად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე, შეამცირა რა გაზისა და ნედლეულის იმპორტის ღირებულება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხი შოკებზე ადეკვატური იყო. სებ-მა გაცვლით კურსს საშუალება მისცა ექსპორტსა და ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლის გარეშე უზრუნველეყო საგარეო შოკის შეწოვა და იმავდროულად შეინარჩუნა საერთაშორისო რეზერვები. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი, რათა ინფლაცია 5%–იანი სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში შეენარჩუნებინა 2015 წლის მანძილზე. გაუფასურების მიუხედავად, კომერციული ბანკები ჯერჯერობით კარგად ართმევენ თავს არსებულ სიტუაციას. ეს, გარკვეულწილად, მიუთითებს სებ-ის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე და უნარზე, არ დაუშვას ბანკების მხრიდან ჭარბი რისკის აღება. ფონდი ასევე მიესალმება სებ-ისა და მთავრობის თანამშრომლობას დედოლარიზაციის ყოვლისმომცველ სტრატეგიასთან დაკავშირებით; ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას და შეამცირებს რისკებს, რომლებიც უკავშირდება უცხოურ ვალუტაში სესხებას.
რამ გამოიწვია გაცვლითი კურსის ასეთი მაღალი ცვალებადობა? თქვენი აზრით, როგორი იქნება, ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა უახლოეს მომავალში?
ბოლო ორი წლის მანძილზე გაცვლითი კურსის მერყეობები ასახავს ცვალებად ეკონომიკურ სიტუაციას და თავსებადია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან. გაცვლითი კურსის დინამიკა უმეტესწილად საბაზრო მექანიზმებით იყო განპირობებული, და ხასიათდებოდა დროდადრო მერყეობით, რისი მიზეზიც იყო გაურკვევლობა მსოფლიო და რეგიონალურ დონეზე და ამ პროცესების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
კერძოდ, 2015 წელს აშშ დოლარის ზოგადმა გამყარებამ და ნავთობის დაბალმა ფასებმა გამოიწვია ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ. საქართველოსთვის ასვე მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორების მიმართ. ამ უკანასკნელთა ვალუტები ასევე გაუფასურდა დოლარის მიმართ და, შედეგად, საქართველოს გაცვლითი კურსის გაუფასურება მისი სავაჭრო პარტნიორების მიმართ შედარებით ნაკლები იყო. ამ გაუფასურებამ შეზღუდა ლარებში გამოხატული ექსპორტისა და გზავნილების შემცირება.
ბოლო პერიოდში ლარი გამყარდა, ძლიერი ტურისტული სეზონისა და ნავთობის ფასების ზრდის შედეგად (რამაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პრესპექტივები გააუმჯობესა).
სსფ არ ახდენს გაცვლითი კურსის პროგნოზირებას მოკლევადიან პერიოდში. ვალუტის ღირებულება დამოკიდებულია როგორც საგარეო, ისე საშინაო პირობებზე, რომლებიც ვალუტის მოთხოვნა–მიწოდებაზე ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი ინფლაციის თარგეტირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ აკონტროლებს ლარის კურსს მოკლევადიან პერიოდში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნული ბანკის არჩევანს და ჩვენი რეკომენდაცია სებ-ისთვის არის უცხოური ვალუტის ბაზარზე ჩაურევლობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა ჭარბი მერყეობა ან არსებობს რეზერვების დაგროვების საჭიროება), რაც სრულ შესაბამისობაშია ინფლაციის თარგეტირების რეჟიმთან.
სსფ–მ მხარი დაუჭირა საქართველოს გადაწყვეტილებას ჰქონდეს მცურავი გაცვლითი კურსი, თუმცა ზოგიერთმა ქართველმა ექსპერტმა გააკრიტიკა სები გასულ წელს ლარის კურსის ხელოვნურ შენარჩუნებაზე უარის თქმის გამო. რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის მცურავ გაცვლით კურსს?
საქართველო არის პატარა ღია ეკონომიკა, რომელიც ხშირი და მუდმივი საგარეო შოკების გავლენის ქვეშ ხვდება და მისთვის მცურავი გაცვლითი კურსი კარგი არჩევანი იყო. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმმა საშუალება მისცა გამოეყენებინა გაცვლითი კურსი, როგორც ბუფერი, რითაც შეიზღუდა ადგილობრივი ფასებისა და ხელფასების კორექტირება. კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლარის გაუფასურებამ დაიცვა ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, შეინარჩუნა გზავნილების ლარში გამოსახული ღირებულება და საგარეო ბუფერები. დროთა განმავლობაში გაცვლითი კურსის მოქნილობა ასევე იცავს ქვეყანას დიდი საგარეო დისბალანსებისგან. გაცვლითი კურსის დიდი მოქნილობა ასევე , ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას, დედოლარიზაციის პროცესს, ეკონომიკურ დივერსიფიკაციასა და მდგრად ზრდას, რაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
როგორ შეაფასებდით სების მიერ მონეტარული პოლიტიკის ბოლოდროინდელ შერბილებას?
სებ-ის ბოლოდროინდელი ნაბიჯები პოლიტიკის განაკვეთის შემცირებათან დაკავშირებით (სულ ბოლოს 6.75%–მდე) მისასალმებელია და თავსებადია დაბალი ინფლაციური წნეხისა და მოსალოდნელზე სუსტ ადგილობრივ და რეგიონალურ მოთხოვნასთან. ივლისში ინფლაციის მაჩვენებლი 1.5% იყო. წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება 5% სამიზნე მაჩვენებელს. ამ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა მისაღები იყოს პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სესხების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას.
რას ფიქრობთ დედოლარიზაციის პოლიტიკის ხელახალ გააქტიურებაზე, რომელზეც მთავრობა და სები ერთობლივად მუშაობენ?
ფონდი მიესალმება ხელისუფლების ნაბიჯებს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით. დოლარიზაცია, რომელიც გულისხმობს ფინანსურ სისტემასა და ზოგადად ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ფართო გამოყენებას, ზრდის ეკონომიკის მოწყვლადობას გაცვლითი კურსის მოძრაობის მიმართ. ის ასევე ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს; როგორც საოჯახო მეურნეობების, ისე ფირმების საგარეო ვალის ტვირთი იზრდება ლარის გაუფასურებისას, ხოლო ბანკებმა შეიძლება განიცადონ ზარალი, თუკი მათი მსესხებლები ვერ უზრუნველყოფენ სესხის მომსახურებას. დოლარიზაცია ასევე ხელს უშლის სებ-ს, წარმართოს ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა, რათა მიაღწიოს დაბალ და სტაბილური ინფლაციას და ასევე უზრუნველყოს ლიკვიდურობის მიწოდება უკიდურეს შემთხვევებში, თუკი საბანკო სექტორი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მაკროეკონომკური სტაბილურობა (მათ შორის დაბალი და სტაბილური ინფლაციის დონე) და გაცვლითი კურსის მოქნილობა ეხმარება ეკონომიკას წარმატებულ დედოლარიზაციაში. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური შედეგები (performance) იმედის მომცემია და ინფლაციის თარგეტირების წარმატებულმა რეჟიმმა თავისი როლი უნდა ითამაშოს დოლარში დაზოგვისა და სესხების მიმზიდველობის შემცირებაში. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნაკლებად მიმზიდველს ხდის უცხოურ ვალუტაში სესხებას და/ან გასესხებას. სსფ მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას და იმავდროულად ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს.
ჯანსაღ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ხელისუფლების დედოლარიზაციის სტრატეგია ფინანსურ სისტემაში ლარის გამოყენების დამატებით სტიმულს ქმნის. სტრატეგია სწორად არის ფოკუსირებული საბანკო დეპოზიტების ლარში განთავსების მიმზიდველობის ზრდაზე; იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბანკებმა სრულად აღიარონ დოლარის სესხებთან დაკავშირებული რისკები; დოლარის სესხების შეზღუდვაზე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც არ აქვთ სტაბილური შემოსავალი დოლარში; იმ ხარჯებისა და რისკების შემცირებაზე, რომლებიც ბანკებს ლარში სესხების გაცემისას უჩნდება; და უძრავი ქონების სექტორის წახალისებაზე ფასები ლარში იყოს დენომინირებული.
რა არის ფონდის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით?
როგორც თქვენ პირველ კითხვაზე პასუხისას აღვნიშნე, მიმდინარე ეკონომიკური შენელება პირველ რიგში საგარეო შოკის შედეგია და ეს შოკი, სავარაუდოდ, არ დასრულებულა. საშუალოვადიან პერიოდში, როდესაც ეკონომიკური სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში ნორმალიზდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს წინა წლების ზრდის ტემპებს. უწყვეტი და სტაბილური ზრდის ძირითადი პირობა არის ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლები და ფონდი აწარმოებს მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ჯანსაღი მაკროპოლიტიკის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
სტრუქტურული რეფორმები მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი პოტენციალი განავითაროს. ისეთი გარემოს ხელშეწყობა, სადაც ადვილია კომპანიების დაფუძნება და ბიზნესის წარმოება, ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესების განვითარება და მაღალი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის უზრუნველყოფა – უფრო მაღალი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ძირითადი ელემენტებია. კაპიტალის ბაზრისა და ფინანსური და საპენსიო სისტემის მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები ასევე დაეხმარება ადგილობრივი დანაზოგის მობილიზებაში ინვესტიციებისა და ზრდის დასაფინანსებლად.
თუმცა, არსებობს რისკებიც. საგარეო გარემო კვლავაც გაურკვევლობით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის დაბალი ფასები კარგია საქართველოსთვის, აიაფებს რა ნავთობის იმპორტს, მათ უარყოფითი გავლენა აქვთ რუსეთზე, ხოლო შენელება ჩინეთის ეკონომიკაში უარყოფითად მოქმედებს საქართველოსა და რეგიონზე.