ინვესტიცია თბილისის ცხოვრებაში

ინვესტიცია თბილისის ცხოვრებაში

As Group Investment-ის დამფუძნებელს, შაჰინ მოვსუმოვს საქართველოში “დირსის” ინვესტორის ამპლუაში ვიცნობთ, რომელსაც 2011 წლიდან დღემდე აქ $200 მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ჩვენ მას ბაქოში შევხვდით, კომპანიის ერთ-ერთი პროექტის, მაღალი სეგმენტის საცხოვრებელი კომპლექსის, ვილების ტერიტორიაზე, კასპიის ზღვის სანაპიროსთან რომ მდებარეობს. სამომავლო გეგმებთან ერთად დეველოპერს თბილისის ურბანული განვითარების შესახებ ვესაუბრეთ.

პირველად თბილისი 2000-იან წლებში გაიცნო, როცა რუსთაველის გამზირზე სეირნობდა. მაშინ შაჰინ მოვსუმოვს საქართველოს დედაქალაქისადმი მხოლოდ ტურისტული განწყობები ჰქონდა და ისე დაბრუნდა ბაქოში, რომ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა დამწყები ბიზნესმენი თბილისთან საქმიან ურთიერთობებზე ვერ დააფიქრა. ამის შემდეგ დაახლოებით ათი წელი გადის და აზერბაიჯანელი ინვესტორი სამშენებლო სექტორში მიღებული ცოდნითა და კაპიტალით ამბიციური პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს ირჩევს, თბილისში ჩამოდის, სამუშაოდ ისანი-სამგორის რაიონს ინიშნავს, კონცეფციას უწოდებს “ქალაქი ქალაქში”, პროექტს კი სახელს – “დირსი” – ადგილის ისტორიული სახელწოდებიდან, “დირსიჭალიდან” გამომდინარე არქმევს.

საუბარი ანგარიშით დავიწყეთ და ასეთი სურათი მივიღეთ – “დირსის” ფარგლებში 2011 წლიდან დღემდე 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა და გასაყიდად გამოტანილი ბინების 80% თითქმის გაიყიდა. ეს შედეგები ინვესტორს თავისი ჩანაფიქრის მეორე ფაზის დაწყების საფუძველს აძლევს.

რას გულიხმობს “დირსის” მეორე ეტაპი? – როგორც შაჰინ მოვსუმოვი ამბობს, 2019 წლიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად რეკრეაციული სივრცისა და ბულვარის მშენებლობა დაიწყება, რომელიც მდინარე მტკვრის ნაპირებს 4.5 კმ სიგრძის მონაკვეთზე გაუყვება. სწორედ ეს არის იდეა კონცეფციისა “ქალაქი ქალაქში” – აქ მცხოვრებმა გარემო არა მხოლოდ კომუნალური, არამედ საზოგადოებრივი სივრცეებისა და დაწესებულებების თვალსაზრისითაც მოირგოს.

იგრძნო თავი ქალაქში კომფორტულად, სადაც საცობები, ხმაური, გამონაბოლქვი, ქაოსური განაშენიანება და სხვა მრავალი კრიტიკული გარემოება იყრის თავს, მარტივი ამოცანა არ არის. ამიტომ აზერბაიჯანელი ინვესტორი თბილისში უძრავი ქონების შეძენის მსურველებს ურჩევს, რამდენიმე წლის პერსპექტივა წარმოიდგინონ, როცა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მათ თავს კიდევ უფრო მწვავედ შეახსენებენ, და სტრატეგიულ უბანს შეაფარონ თავი. ასეთი შაჰინ მოვსუმოვს თითქმის ყველა ცენტრალურ საჯარო თუ კომერციულ ობიექტებთან, ავტომობილით 15-20 წუთის სავალზე მდებარე “დირსი” ეგულება და ცხოვრების წესის აქტიურ ცვლილებასთან ერთად, რასაც თბილისში ბოლო წლების განმავლობაში ამჩნევს, პროგნოზირებს, რომ თბილისელები ხმაურსა და სატრანსპორტო მოძრაობას გაერიდებიან და აირჩევენ ადგილს, სადაც იცხოვრებენ, ბავშვებს ბაღებსა და სკოლაში გაისტუმრებენ, სავაჭრო და გასართობი ცენტრებით ისარგებლებენ და ბულვარში ისეირნებენ. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მისი პროექტი საერთაშორისო აეროპორტთან ახლო მანძილზე ვითარდება, რასაც, ქალაქის სხვა რაიონებთან შედარებით, უპირატესობად მიიჩნევს. “თბილისი ისეა აშენებული, რომ, სამწუხაროდ, აეროპორტთან მისასვლელი მხოლოდ ერთი გზა გაქვთ, თუმცა მთელ მსოფლიოში ცხოვრება აეროპორტების გარშემო ვითარდება”, – აღნიშნავს ამ თბილისურ თავისებურებაზე ინვესტორი ბაქოდან.

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამაზე შაჰინ მოვსუმოვი ჩვენთან იმ “ვილა სიენას” ერთ-ერთი სახლის ეზოში საუბრობს, რომელიც იტალიურ ყაიდაზეა დაპროექტებული, მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარი ღირს და აქვე გვიმხელს, რომ “დირსის” მეხუთე ეტაპის ფარგლებში თბილისშიც არის გათვალისწინებული ინდივიდუალური სააგარაკო ტიპის დასახლება.

“დირსის” პროექტი და მისი კონცეფცია მზად არის. ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე საზოგადოებას გავაცნობთ, როგორი იქნება პატარა ქალაქი მტკვრის სანაპიროზე”, – ამბობს ინვესტორი, რომელიც თბილისში პროექტის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ უფრო თამამად საუბრობს ამბიციურ გეგმებზე და მოტივაციის ერთ- ერთ მთავარ ფაქტორად ქართველების ცხოვრების წესის შეცვლას ასახელებს, ისევ და ისევ დედაქალაქის გადატვირთული და ქაოსური განაშენიანების გამო.

“ქართველები ბინის საყიდლად როცა მოდიან, სურთ კომფორტი ბავშვებისთვის, სასეირნო ზონა, გამწვანება და ა.შ. ადრე მათთვის ყველაფერი ფასზე იყო დამოკიდებული”, – იხსენებს შაჰინ მოვსუმოვი და იქვე დასძენს, რომ მტკვრის მიდამოებში პროექტის იტალიურ მოტივებზე განვითარებისთვის, როგორც ეს კასპიის ზღვის სანაპიროზე განახორციელა, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დასჭირდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. “ასეთი დიდი პროექტებისთვის სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს გზები, ხიდები, ინფრასტრუქტურა”, – აღნიშნა დეველოპერმა.

იდეები, რომლებზეც შაჰინ მოვსუმოვი გვიყვება, აზერბაიჯანის დედაქალაქში უკვე რეალიზებული სახით, საკუთარი თვალით ვნახეთ. As Group Investment–ი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსით – ცენტრალურ ქუჩებში, ვილებით კი გარეუბანშია წარმოდგენილი. კომპანიას აქვს ამბიცია, უპასუხოს ქალაქის განვითარების ტენდენციებს, რომელთაც ბაქოს ქუჩებში ფეხით სიარულისას ადვილად შეამჩნევთ. შირვანშაჰების სასახლიდან თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებებით გამორჩეულ “ჰეიდარ ალიევის ცენტრამდე” გზა იმის მაგალითია, თუ როგორ შეინახეს ადგილობრივებმა ძველი ქალაქი და დაიწყეს ახლის მშენებლობა. მასპინძელთან ამ თემის განხილვისას თბილისთან პარალელები თავისთავად გაჩნდა. შაჰინ მოვსუმოვი საქართველოს დედაქალაქში უკვე ნგრევის პირას მისული შენობებისა და მათი მოსახლეების ბედზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბაქომ ეს პროცესები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატის დახმარებით გაიარა. მისი განმარტებით, ეს მიდგომა ავარიული სახლების მცხოვრებლებისთვის, დეველოპერებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ისეთი პირობების შეთავაზებას გულისხმობს, როგორიც, მაგალითად, “დირსის” კომპლექსშია.

გაიზიარებს თუ არა თბილისის მთავრობა ბაქოს გამოცდილებას ამ საკითხში, უცნობია. ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ მერიას პირველი მცდელობები ვარკეთილში, ე.წ “ხრუშჩოვკის” ტიპის დასახლებების ჩანაცვლების მიმართულებით აქვს, თუმცა ამ იდეამ კერძო სექტორის დაინტერესება ჯერჯერობით ვერ დაიმსახურა. ასეა თუ ისე, შაჰინ მოვსუმოვს ამ შემთხვევაშიც საკუთარი ქალაქის მაგალითი ახსენდება და თბილისის მმართველ გუნდს ურჩვეს, პროექტი ისე დაგეგმოს, რომ ინვესტორმა თავდაპირველად მოსახლეობის ახალ ბინებში განთავსება უზრუნველყოს, შემდეგ კი ძველი შენობების ჩანაცვლება დაიწყოს. “იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უპასუხისმგებლო დეველოპერმა მშენებლობა არ დაამთავრა, სახელმწიფო სოციალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, ამიტომ ჯერ მოსახლეობის განთავსებაა საჭირო”, – გვიხსნის შაჰინ მოვსუმოვი, რომელიც “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტით ინტერესდება, რადგან თბილისთან დაკავშირებით გეგმები უკვე აქვს. მათი ნაწილი საზოგადოებამ შვიდი წლის განმავლობაში გაიცნო, სრულ მასშტაბებს კი აზერბაიჯანელი ინვესტორი უახლოეს მომავალში გაგვიზიარებს.

საუბრის ბოლოს შაჰინ მოვსუმოვმა აღნიშნა, რომ “დირსის” მომდენო ეტაპების დაგეგმვას პროფესიონალი და სექტორში გამოწვევებზე საპასუხოდ მზად მყოფი კადრების მზარდი რაოდენობაც უწყობს ხელს. “შვიდი წლის წინ დიდი პრობლემები გვქონდა კადრების მოძიების თვალსაზრისით. დღეს უკვე შემდგარი გუნდი ავითარებს პროექტს და ზოგადად, ხალხის მსოფლმხედველობაც შეიცვალა”, – ირწმუნება მეზობელი ქვეყნის მოქალაქე, ასეულობით მილიონი დოლარის საინვესტიციო გეგმებით ხელში.