ხათუნა მელიქიშვილი ერთ-ერთი პირველი გალერისტია საქართველოში. დღეს უკვე სამი გალერეის მეპატრონემ 27 წლის წინ ბიზნესი ნულიდან დაიწყო. ახლა მის მფლობელობაშია “გალერეა გამრეკელი” ინგოროყვაზე, “გამრეკელი ბაგებში” და “დიზაინ გალერეა გამრეკელი” ათონელზე. წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშებიც დააგროვა და დღეს მისი კოლექციის ფასი 5 მილიონ დოლარზე მეტია.
ხათუნა მელიქიშვილს ირაკლი გამრეკელის სახლ-მუზეუმში ვხვდები. ირაკლი გამრეკელი გამოჩენილი ქართველი ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებში ექსპრესიონიზმისა და არტ–ნუვოს ნიშნები მხატვარს კიდევ უფრო გამოარჩევს სხვებისგან. მისი სახლის კედლები მხატვრის სხვადასხვა ნამუშევრებითაა მოფენილი და სასაუბროდაც მყუდრო გარემოა. ინგოროყვას 14-ში თავად ირაკლი გამრეკელი გასული საუკუნის 30-იან წლებში ცხოვრობდა, დღეს კი სივრცე გალერეად გადაკეთდა. აქაურობა თეატრალური მხატვრობის ნიმუშებით, დეკორაციების მაკეტებით, მხატვრის არქივითა და პირადი ბიბლიოთეკითაა დატვირთული. გალერეა ორად იყოფა: სამუზეუმო და ძირითად საგამოფენო ნაწილად, რომელიც უმეტესად თანამედროვე მხატვრობის ცვალებად ექსპოზიციებს ეთმობა. სამუზეუმო და საგამოფენო ნაწილებს შორის არჩევანი პირველზე შევაჩერეთ. საგამოფენოში დღესაც ექსპოზიციისთვის ემზადებოდნენ. ახალგაზრდა მხატვრები თავიანთი ნამუშევრების განლაგებასა და განათებაზე ფიქრობდნენ და მუშაობაში ხელი არ შევუშალეთ. სასაუბროდ პატარა ოთახში დავსხედით. სხვადასხვა მხატვრის ნახატების გარდა აქ რამდენიმე ძველი თეატრალური კოსტიუმიცაა გამოფენილი. ყურადღება მიიქცია უძველესმა სკამებმა და მაგიდამაც. სასაუბროდ დრო არც ისე ბევრი გვაქვს, ამიტომ პირდაპირ საქმეზე
გადავედით. ხათუნა მელიქიშვილმა ის გზა გაიხსენა, რომელმაც გალერისტობამდე მიიყვანა.
“ამ სფეროში ჩემი მოხვედრა ჩემს დაბადებამდე იყო გადაწყვეტილი. მეცნიერებისა და ხელოვანების ოჯახში ვარ დაბადებული. საქართველოს ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ბაბუაჩემის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობისაა, მასთან, მისი წიგნებისა და ნივთების გარემოცვასა და მათ სიყვარულში ვიზრდებოდი. მოკლედ, წიგნებს, სურათებსა და ხელოვნების ნიმუშებს ჩემთვის სხვა ღირებულება აქვს და ბავშვობიდან მათთან ერთად მოვდივარ. პრინციპში, რომ მკითხო, რა ფერის კედლები გქონდათ სახლშიო, ვერ გიპასუხებ, არ მახსოვს, რადგან ყველა ოთახის კედელი იატაკიდან ჭერამდე წიგნებითა და ნახატებით იყო სავსე”.
ხათუნა მელიქიშვილს ორი ფაკულტეტი – ხელოვნებათმცოდნეობა და ისტორიული – აქვს დამთავრებული. უნივერსიტეტის შემდეგ მუშაობა ისტორიის ინსტიტუტში დაიწყო. 1988 წელს კი მეგობართან, ნინო მეტრეველთან ერთად თანამედროვე ხელოვნების გალერეა – “Nგალერეა” გახსნა. ამ დროიდან დაიწყო გალერისტობაც.
“მაშინ ჩვენთან ახალგაზრდა მხატვრები მუშაობდნენ, რომლებიც ახლა თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების წამყვანი მხატვრები არიან: ოლეგ ტიმჩენკო, უშანგი ხუმარაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, კოკა რამიშვილი, კოკა ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე და სხვანი.
მართალია, საკუთარ ასაკზე საუბარს ხათუნა თავს არიდებს, მაგრამ სიამაყით მეუბნება, რომ ამ სფეროში 30 წელია, მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში მოახერხა ის, რომ ჯამში რამდენიმე მილიონად შეფასებული ნიმუშების მეპატრონეც გამხდარიყო. ამაში ბიზნესმენი მეუღლე, დავით შიმშილაშვილიც ეხმარება, თუმცა ექსპონატების უმეტესობა მაინც დაოჯახებამდე შეიძინა. კოლექციის დიდი წილი ფარაჯანოვისა და გამრეკელის ნახატებს უკავია, ასევე მის კოლექციაში მრავალი თანამედროვე მხატვრის ნამუშევრებია, რადგან, ხათუნა მელიქიშვილის თქმით, ხელოვნებაში სწორი ინვესტიცია ყოველთვის მოგებიანია.
“როცა იცი მხატვრის შესაძლებლობები, ასეთ დროს ინვესტირება ძალიან მოგებიანია და თავისთავად სასიამოვნოც. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში რისკზე მიდიხარ, არ იცი, გახდება თუ არა მისი ნამუშევრები ღირებული წლების შემდეგ, მაგრამ ამ კუთხით, ოდესღაც ფიროსმანიც ახალგაზრდა, თანამედროვე იყო, მაშინ მის ტილოებს ფასი არ ჰქონდა, თუმცა ვისაც მისი შემოქმედება მოსწონდა და შეიძინა, საბოლოოდ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია გამოუვიდათ. ეს არის კაპიტალდაბანდება ხელოვნების ნიმუშში, რაზეც დრო მუშაობს. დროზეა დამოკიდებული კოლექციონერის სიმდიდრეც. გინდა ჰობი დაარქვი, გინდაც გატაცება, ფაქტი ერთია, წლების შემდეგ სწორედ ამით ხდები მდიდარი. მაგალითისთვის ვიღაც აგროვებდა კომიქსებს, ვიღაც კი კითხულობდა და ყრიდა. აი, ვინც დააგროვა, საბოლოოდ გამოუვიდა კოლექცია, ახლა ამ “სასაცილო ჟურნალებს” საკმაოდ მაღალი ფასი ადევს, რადგან დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მცირდება და რელიკვიად იქცევა. შესაბამისად, ფასიც იზრდება. ნივთი ხდება ანტიკვარული. სხვადასხვა ქვეყანაში ანტიკვარიატად ითვლება სხვადასხვა ასაკის, ღირებულებისა და მნიშვნელობის ნივთი. ეს გარკვეულწილად ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, ჩინეთში ანტიკვარულად ნივთი შესაძლოა 100 წლის შემდეგ ჩაითვალოს. ჩვენთან ნებისმიერი ნივთი დაახლოებით 70 წლის შემდეგ უკვე ანტიკვარიატად ითვლება”.
ხათუნა და მისი მეუღლე არა მხოლოდ კოლექციონერები არიან, საკუთარი სიამოვნებისთვის რომ ყიდულობენ ხელოვნების ნიმუშებს, არამედ ინვესტორები, რომლებმაც იციან, რომ არტბიზნესში სწორად დაბანდებული ნებისმიერი თანხა ყოველდღიურად იზრდება. ხათუნასთვის ამ საქმის კეთება მარტივია: აქვს კონტაქტები, იცნობს და იცნობენ, კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევაც ნამდვილად არ უჭირს. იმ ადამიანებს კი, ვინც ახლა ფიქრობს ფული “მომავლის სიმდიდრეში” ჩადოს, რჩევას აძლევს. გალერისტის აზრით, ასეთ ადამიანებს არტდილერი უნდა ჰყავდეთ. ხათუნა თავის სფეროს ბირჟასაც კი ადარებს და თუ ბირჟაზე უნდა გყავდეს ბროკერი, აქ, ღირებული ინვესტირებისთვის, არტდილერია საჭირო. ისევე, როგორც ბირჟა, არტბაზრობაც გაყიდვაზეა ორიენტირებული, უბრალოდ, პროდუქტია სხვადასხვა. მარკეტინგული მხარე აქაც მთავარია. კურატორები მდიდარ კოლექციონერებთან ერთად საათობით არჩევენ, ფიქრობენ, ღირს თუ არა ნამუშევარსა თუ არტისტში ინვესტირება. ეს ყველაფერი დიდ თამაშს ჰგავს, რომელიც ფულის შოვნასთან ერთად, ხელოვნების მოთხოვნილებას გიჩენს. ზუსტად ისე, როგორც ფილმებშია ასახული.
“ამ ყველაფერს ჩვენ ვეძახით ინვესტიციას ხელოვნების საგნებში. დაბანდებისას ინვესტორი ყიდულობს სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშებს, რომელთაც შესაძლოა, მომავალში რაიმე ღირებულება ჰქონდეს. ამიტომ აუცილებელია, გყავდეს მრჩეველი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ამას თავისით გადაწყვეტს და ამ ყველაფერს აკეთებს მაგალითად, ინტერნეტით, აუცილებლად უნდა გადახედოს იმ მხატვრის ისტორიას, რომლის ნამუშევრის შეძენასაც გეგმავს. არსებობს რეიტინგების წიგნი, რომელშიც მითითებულია, რომელ ადგილზეა ესა თუ ეს მხატვარი, რომელ რეიტინგშია მოხვედრილი. ამის შემდეგ გადახედავთ, რა ფასად არის აუქციონზე გაყიდული მსგავსი ნამუშევრები და აი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ყიდვა.
“სახელებზე მიბმული ფასი”
“ადამიანები, რომლებსაც დამწყები მხატვრები ჰქვიათ, აკადემიის სტუდენტები ან თვითნასწავლი მხატვრები არიან, რომლებიც გამოფენებს საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით აწყობენ – ასეთ დროს ინტუიციურად უნდა გადაწყვიტო ნიმუშის შეძენა. ეს ერთგვარი კაზინოა – არ იცი, როდის დაგიჯდება ჯეკპოტი. ამიტომ, ინტუიციაც თავისას შვრება. მხოლოდ პროფესიონალის რჩევა საკმარისი ვერ იქნება”, – ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.
“არსებობს ორი ძირითადი კრიტერიუმი, რის გამოც უნდა შეიძინოთ ნიმუში. ერთი, რომ მოგწონთ და გაგიტაცათ, მეორე, რომ მომავალზე ფიქრობთ. ამიტომ, თუ იმწუთას შეძენის საშუალება გაქვთ, იყიდეთ შვილის, შვილიშვილის, სახელზე. ადრე, ვისი ბებია და ბაბუაც იძენდა და აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს – დღეს მათ უფრო მეტად დაბანდებული კაპიტალი დაუტოვეს შთამომავლებს, ვიდრე მათ, ვინც უძრავი ქონებით ან ძვირფასეულობით უფრო იყო დაინტერესებული. მახსოვს, ფიროსმანი 2 000 მანეთი რომ ღირდა. ახლა 3-5 მილიონი დოლარია მისი ფასი. გუდიაშვილის ნამუშევრები 100 – 500 მანეთად იყიდებოდა, ახლა მილიონია მათი ფასი, ზოგიერთი მილიონზე მეტიც. ქართველებს ყოველთვის უყვარდათ ხელოვნება, ყოველთვის აფასებდნენ ხელოვანებს. ამიტომ ჩვენთან ბევრმა კარგმა ნამუშევარმა მოიყარა თავი. საქართველოს ჰყავდა ბევრი გამოჩენილი მხატვარი: ფიროსმანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე, გაბაშვილი, ზდანევიჩი, ახვლედიანი, ქობულაძე, ქიქოძე. ამწუთას ყველა არ მახსენდება… ამ მხატვრების ადრეული ნამუშევრები ექვსციფრიანი თანხებით არის შეფასებული. აქვე აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ თანამედროვე მხატვრებიც ძალიან მალე ვითარდებიან და ედებიან მსოფლიო არტბაზარს. ბოლოს თანამედროვე მხატვრის გაყიდული ნამუშევარი, რაც მახსენდება, ოლეგ ტიმჩენკოსია – მისი ნამუშევარი 15 000 დოლარად გაიყიდა Bonham’s-ის აუქციონზე. აი, რაც შეეხება ფიროსმანს, მისი ტილო ბოლოს 3,5 მილიონ ლარად გაიყიდა”.
ქართველი მხატვრების ასეთმა აღიარებამ ლოგიკური კითხვა გამიჩინა. მე, თუნდაც დამწყებმა მხატვარმა, შემიძლია თუ არა ჩემი ნამუშევარი გავიტანო აუქციონზე. რა უნდა გავაკეთო ამისთვის, მჭირდება თუ არა მრჩეველი – ის, ვინც დამეხმარება. მე ვიცი, რომ აუქციონი ცოცხალი ბიზნესია, რომელიც ურთიერთობებზე, კონტაქტებზე და ნდობაზეც კია დამოკიდებული. ყველას ერთმანეთთან აქვთ კავშირი. აქ ერთვება აზარტი, პირადი ურთიერთობები და ინტერესები. ამიტომ ჩემი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის, ხათუნა მელიქიშვილს, როგორც ამ საქმეში გამოცდილ გალერისტს, ვთხოვე, ყველაფერი მოეყოლა აუქციონის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის შესახებ.
“აუქციონს სჭირდება შედეგი. ამიტომ ის იღებს ისეთ ნამუშევარს, რომელიც იცის, რომ აუცილებლად გაიყიდება. მისი პრესტიჟიც სწორედ აქედან მოდის. ასე მუშაობენ დღეს წამყვანი აუქციონები: Christie’s-ი, Sotheby’s-ი, Bonhams-ი, და ა.შ. დაკვირვებული ვარ, როდესაც მსოფლიოში კრიზისია და თითქმის ყველაფერი თავის ფასს კარგავს, სწორედ მაშინ ყიდულობენ ძვირად ღირებულ ნამუშევრებს აუქციონებზე, იმიტომ რომ ხელოვნების ნამუშევრების ფასი არასოდეს არ ვარდება, განსაკუთრებით – პირველი კატეგორიის ნამუშევრებს. იციან, რომ კრიზისის დროს ნახატს კიდევ უფრო ემატება ფასი. ამიტომ, სწორი ინვესტიცია სწორად გადადგმული ნაბიჯია”, – ამბობს გალერისტი.
კომერციული შეფასება
ხათუნა მელიქიშვილი: “მახსოვს, დაახლოებით ათი წლის წინ ერთი ბანკირი მოვიდა ჩემთან და კოლექციის შექმნის სურვილი გამოთქვა. ცხადია, მცირედით დაიწყო: ერთი ნახატის შეძენა ვურჩიე, მაშინ 1000 ლარი ღირდა. შევთავაზე, ამ ყველაფრისთვის შეეხედა როგორც ბანკირს და საბოლოოდ დავარწმუნე, რომ ნახატში დაებანდებინა ფული. რამდენიმე წელიწადში ამ ნამუშევრის ფასმა 50 000 ლარს მიაღწია. დღეს კი ბაზარზე აღარც არის, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტიც ღირს. ასე რომ, ბიზნესის თვალსაზრისით რომ დავთვალოთ, ხელოვნების ნიმუშები 300-, 400-, 500-%-იან მოგებას გვაძლევს. არც ერთ სფეროს არა აქვს ისეთი პროცენტული მარჟა, რაც შეიძლება ჰქონდეს სურათს, ნივთს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს. ოღონდ აუცილებლად უნდა ერკვეოდე, რაში დებ ფულს.
გალერისტის ამ სიტყვებს მისი ბიზნესმენი მეუღლეც ეთანხმება და მეტსაც ამბობს, რომ არიან ქართველი მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც აგროვებენ ქართველი მხატვრების ტილოებს და, მოდი, ასე ვთქვათ “კარგი კაპიტალდაბანდებაც აქვთ გაკეთებული”.
დავითი იმასაც გვეუბნება, რომ როდესაც ნახატი მოგზაურობს, ეს კარგია. ამით ემატება მას ფასი, ამით იქმნება ისტორია, ამით ეცნობა მსოფლიო ავტორს. ეს ცოცხალი მექანიზმია და მისთვის ყველა კარი ღია უნდა იყოს. თანაც, გამოდის, რომ ხელოვნებაში საბოლოო ფასი არ არსებობს. იწყებ მცირედით და შესაძლოა დაუსრულებელ ციფრებს მიაღწიო. კარგია, როდესაც კაპიტალს აბანდებ სიამოვნებაში, აბანდებ სილამაზეში, შენს გემოვნებაში, ვნებებსა და გატაცებებში.
მშვენიერი პერსპექტივაა – დააგროვე და გახდი მილიონერი.