ინვესტორებისთვის განკუთვნილ ტრამპის $5-მილიონიან „ოქროს ბარათზე“ რეგისტრაცია დაიწყო

ინვესტორებისთვის განკუთვნილ ტრამპის $5-მილიონიან „ოქროს ბარათზე“ რეგისტრაცია დაიწყო

დონალდ ტრამპის მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენჯერმე ნახსენები „ოქროს ბარათის“ აღების მსურველთა რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყო. შეგახსენებთ, $5-მილიონიანი ბარათი ინვესტორებისთვის არის განკუთვნილი და აშშ-ში ინვესტირების მსურველებს მოქალაქეობის მიღების გზას უმარტივებს.

რეგისტრაციის დაწყების შესახებ საზოგადოებას ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში ამცნო და სარეგისტრაციო ვებგვერდის ბმულიც გააზიარა. „ათასობით ადამიანი რეკავდა და კითხულობდა, როგორ შეეძლებოდათ დარეგისტრირება. მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავად ვებგვერდზე ბარათის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია მოცემული არ არის, იქ მხოლოდ საკუთარი ან საკუთარი ბიზნესის შესახებ მონაცემების მითითებაა შესაძლებელი, რითაც „ოქროს ბარათის“ აღების სურვილს გამოთქვამ. დარეგისტრირებულ პირებსა და ბიზნესებს კი, როგორც ცნობილია, ვიზის მიღების შემდეგი ეტაპების შესახებ მოგვიანებით დაუკავშირდებიან.

დონალდ ტრამპის მიერ წარსულში გავრცელებული განცხადებების თანახმად, აღნიშნული ბარათის მფლობელებს იგივე პრივილეგიები ექნებათ, როგორიც „მწვანე ბარათის“ მფლობელებს აქვთ. მისი განმარტებით, ბარათის გამოშვების მიზანი მდიდარი ხალხის მიერ აშშ-ში ინვესტირების წახალისებაა, რათა მათ „დახარჯონ ბევრი ფული, გადაიხადონ გადასახადები და დაასაქმონ ადამიანები“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას აღნიშნული ინიციატივის დასანერგად კონგრესის მხარდაჭერა არ სჭირდება, რადგან ბარათი მოქალაქეობის მიღების წესს მხოლოდ ამარტივებს და მისი ყიდვის შესაძლებლობას არ იძლევა.