იოზვიაკის თქმით, EU-მ საქართველოს მთავრობას პირობების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა

იოზვიაკის თქმით, EU-მ საქართველოს მთავრობას პირობების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ ევროკომისიამ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში ჩამოყალიბებული პირობების შესასრულებლად მას ვადა 31 აგვისტომდე მისცა.

შეგახსენებთ, რიკარდ იოზვიაკმა გუშინ ასევე X-ზე დაწერა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ამზადებდა წერილს, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარა იქნებოდა გაჟღერებული. „საბოლოო ჯამში, მისი წევრი სახელმწიფოები ამ საკითხს კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტენ,“ – განაცხადა იოზვიაკმა.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმაც დაადასტურა. კერძოდ, კალასის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას წერილს გაუგზავნიან, რომელშიც პირობები იქნება მოცემული – ამ პირობების გარკვეულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შეჩერება მოუწევთ.

„ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ვიმსჯელებთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლების შეცვლას აიძულებს,“ – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

კაია კალასმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული საფრთხეებს განიხილავენ.