ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თსუ-სთან აღარ გაერთიანდება

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თსუ-სთან აღარ გაერთიანდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თსუ-სთან აღარ გაერთიანდება. ამის შესახებ მან სტუ-ს პროფესორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სტუ, ნაცვლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებისა, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის შესაბამისად, წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთდება და ჰუმანიტარული ფაკულტეტები ჩამოშორდება.

„შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდად ტექნიკურ უნივერსიტეტად,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების, აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – განაცხადა მაშინ გივი მიქანაძემ.