ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაეის განცხადებით, ქვეყანა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას გმობს და რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების ბრალდებას უარყოფს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა ირანის შვიდ მოქალაქესა და შვიდ ორგანიზაციას რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებასთან სავარაუდო კავშირის გამო სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა ირანული ავიახაზები, Iran Air-ი, Saha Airlines-ი და Mahan Air-ი და ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საიდ ჰამზა ღალანდარი. ევროკავშირის გარდა ირანის ცხრა სუბიექტზე სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც გააფართოვა.
დასავლური სახელმწიფოების გადაწყვეტილება გასულ თვეს აშშ-ის მიერ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელებულ განცხადებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, ირანმა რუსეთს საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა, რომლებსაც კრემლი უკრაინაში იყენებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნული ბრალდებაც უარყო.
ირანული მხარე მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის სანქციების დაწესებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას უწოდებს. სანქციების აღნიშნული პაკეტი ევროპული აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს.