გუშინ ირანის პარლამენტმა რუსეთთან 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის პაქტი დაამტკიცა. თეირანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის განმტკიცების საკანონმდებლო დონეზე დამტკიცების შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიასააგენტო ავრცელებს. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა მიმდინარე წლის 17 იანვარს კრემლში, ირანული დელეგაციის რუსეთში ვიზიტის დროს მოაწერეს. სტრატეგიული პარტნიორობის აქტი რუსულმა დუმამ აპრილში დაამტკიცა.
ქვეყნებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საერთო ინტერესების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: თავდაცვა, ენერგეტიკა, ატომური ენერგია და ვაჭრობა. თუმცა მეტწილად შეთანხმება მაინც თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივ ძალისხმევაზე კონცენტრირდება.
პაქტის თანახმად, ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ საერთო სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ, მონაწილეობას მიიღებენ საერთო სამხედრო სწავლებებში და განავითარებენ სამხედრო-ტექნიკურ შესაძლებლობებს. პაქტის თანახმად, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში, მეორე სახელმწიფო აგრესორს დახმარებას არ გაუწევს და გაეროს წესდების თანახმად მშვიდობის მიღწევაზე იმუშავებს. გარდა ამისა, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ არცერთი მათგანი არ დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტული მოძრაობების ფუნქციონირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მათ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად კი ქვეყნების სპეცსამსახურები ერთმანეთს სადაზვერვო ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში გაუცვლიან.
როგორც აღინიშნა, ქვეყნები თავდაცვითი სექტორის გარდა ენერგეტიკულ და ვაჭრობის სექტორებშიც გააღრმავებენ ურთიერთობას. რუსული და ირანული ენერგოკომპანიები ქვეყნებში ინვესტიციების გაზრდასა და პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ატომური ენერგიის შექმნის საკითხზე კი ქვეყნები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. გარდა ამისა, ვაჭრობის სფეროში ირანი და რუსეთი ერთობლივი თანამედროვე გადახდების სისტემის შექმნაზე იმუშავებენ, სადაც უპირატესობა ეროვნულ ვალუტებს მიენიჭება.