ფოტო: Reuters
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქვეყანაზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმის შეწყვეტამდე, ახლო აღმოსავლეთიდან „ერთი ლიტრი ნავთობის“ გადაზიდვასაც კი არ დაუშვებს.
აღნიშნული მუქარის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე უფრო მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებს, თუ ირანი რეგიონიდან ენერგეტიკული რესურსების ექსპორტს დაბლოკავს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში $100-ს პირველად გადასცდა. ირანის მიერ საპასუხოდ ყურის ქვეყნებზე მიტანილი სარაკეტო და დრონებით იერიშების ფონზე, ბევრმა სახელმწიფომ ნავთობის მოპოვება შეამცირა. ირანის სამიზნეს სწორედ რეგიონის ქვეყნებში არსებული ნავთობმომპოვებელი და გადამმუშავებელი სადგურები წარმოადგენს. საბოლოო მიზანი კი ენერგოკრიზისის გამოწვევაა, რასაც ომის შეწყვეტის ბერკეტად გამოიყენებს.
რეგიონში სამხედრო კონფრონტაციის დაწყებიდან 11 დღის შემდეგ, ურთიერთთავდასხმები კვლავ ინტენსიურად გრძელდება. ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზაობა არც ერთ მხარეს არ განუცხადებია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ სამხედრო-პოლიტიკური მიზნების შესახებ მკაფიო სურათი არ არსებობს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაქჩის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ირანმა თავდასხმამდე დაწყებული მოლაპარაკებები გააგრძელოს. „მოლაპარაკებების სამი რაუნდის შემდეგ, ამერიკულმა დელეგაციამ თავად განაცხადა, რომ ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა. მაგრამ მაინც თავს დაგვესხნენ. ასე რომ, არა მგონია, ამერიკელებთან საუბარი ჩვენს დღის წესრიგში იყოს“, – განაცხადა აბას არაქჩიმ PBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე თავდასხმიდან მალევე ჩაკეტა, რის გამოც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ნავთობტანკერები სრუტის გადალახვას ვერ ახერხებენ.














