მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, Saudi Aramco-მ, ირანის მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ Ras Tanura-ს ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა დროებით დახურა.
Ras Tanura-ს კომპლექსი, რომელიც საუდის არაბეთის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამმუშავებელ ობიექტს მოიცავს. მისი დღიური წარმოება დაახლოებით 550,000 ბარელია და ის საუდის ნედლი ნავთობის ექსპორტის კრიტიკულ ტერმინალს წარმოადგენს.
წყაროს ინფორმაციით, ობიექტი პრევენციული ზომების ფარგლებში დაიხურა და ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. Reuters-ის ცნობით, კომპანიის ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქარხანაზე დრონით თავდასხმა რეგიონში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოხდა. თეირანმა ირანზე აშშ-ისრაელის შეტევის საპასუხოდ რეგიონში საჰაერო იერიშები დაიწყო. შეტევების ტალღამ სპარსეთის ყურის რამდენიმე მსხვილი ქალაქი დააზარალა, მათ შორისაა აბუ-დაბი, დუბაი, დოჰა, მანამა და ომანის დუკმის კომერციული ნაწილი.
თავდასხმებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ომანში მდებარე უმსხვილეს საზღვაო ჰაბებში პარალიზება გამოიწვია, რამაც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ნეგატიური გავლენა იქონია. ორშაბათს Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.










