ფოტო: Shutterstock
ირანში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ და რეგიონში განლაგებულ ნავთობინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო ფასების ზრდამ გამოიწვია. ნავთობის ფასის მატება კი რუსეთისთვის შემოსავლის ზრდას ნიშნავს.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის (CREA) მონაცემებით, კონფლიქტის მიმდინარეობის ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და სხვა წიაღისეული საწვავის გაყიდვით 7.7 მილიარდი ევრო გამოიმუშავა.
ენერგეტიკული რესურსებისაგან რუსეთის მიერ მიღებული შემოსავლების ზრდაზე გავლენა იქონია აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებითმა მოხსნამაც. აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანთან ომის გამო გლობალური ენერგობაზრებისთვის მიყენებული ზიანის დასასტაბილურებლად, შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის 30-დღიანი გამონაკლისი გამოაცხადა.
ვაშინგტონის მიერ გამოცემული საგამონაკლისო ლიცენზია გემებზე დატვირთული რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისა და გაყიდვის უფლებამოსილებას იძლევა. ლიცენზია ძალაში 12 მარტს შევიდა და 11 აპრილამდე გაგრძელდება.
CREA-ის მონაცემებით, მარტის პირველი 15 დღის განმავლობაში, რუსეთი ნავთობის გაყიდვით დღეში საშუალოდ 372 მილიონ ევროს იღებდა, რაც თებერვლის საშუალო დღიურ შემოსავალზე 14%-ით მეტია.
რაც შეეხება მთლიანად ენერგორესურსების ექსპორტით მიღებულ შემოსავალს, მარტის პირველი 15 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტით, დღეში საშუალოდ 513 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, რუსული ნავთობისგან მიღებული შემოსავლების ¾-ზე მეტი ინდოეთსა და ჩინეთზე მოდის. კონკრეტულად ინდოეთმა 1-15 მარტის განმავლობაში რუსეთისგან 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების წიაღისეული საწვავი შეიძინა, რაც თებერვლის მაჩვენებელს 50%-ით აღემატება. შეგახსენებთ, რუსული ნავთობის შესყიდვის საგამონაკლისო ლიცენზია აშშ-ისგან ინდოეთს რამდენიმე დღით ადრე მიენიჭა.















