ირანში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 60%-ით გაიზარდა

ირანში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 60%-ით გაიზარდა

ფოტო: HASAN SARBAKHSHIAN/AP

 

Euronews-ის ცნობით, ირანის შრომის მინისტრ აჰმად მეიდარის ინფორმაციით, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 60%-ით, ყოველთვიური 103 მილიონი რიალიდან (67.5 ევრო) 166 მილიონ რიალამდე (109 ევრო) გაიზარდა. გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციის ფონზე იქნა მიღებული, მოსახლეობის გაზრდილი ხარჯების კომპენსაციისკენაა მიმართული. ცვლილება ძალაში 20 მარტს შევა.

ირანში მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად იცვლება. ამ შემთხვევაში, ირანული რეჟიმის გადაწყვეტილება პირდაპირი რეაგირებაა შრომითი ორგანიზაციების ზეწოლაზე, რომლებიც ადგილობრივ მმართველობას საზოგადოებრივი მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის მინიმალური ხელფასის ზრდისკენ მოუწოდებდნენ.

60%-ით ზრდის მიუხედავადაც, ინფლაციის მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ ახალი მინიმუმი კვლავ არასაკმარისია ოჯახის ძირითადი პროდუქტების კალათისთვის, რაც ყოველთვიურად 580 მილიონ რიალს (380 ევრო) შეადგენს. გამომდინარე აქედან, შრომითი ჯგუფები მინიმუმ 600 მილიონი რიალის (393 ევრო) განსაზღვრას ითხოვდნენ.

მიმდინარე კონფლიქტი ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აჩქარებს, ინფლაცია კი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ირანის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებით, თებერვალში ინფლაციამ 68.1%-ს მიაღწია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ინფლაციამ 62.2% შეადგინა.

ქვეყანაში სასურსათო ინფლაციის მაჩვენებელი 90%-ს უახლოვდება, ხოლო სამომხმარებლო ფასები 2025 წელს 44.6%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში დაახლოებით 110%-ითაა გაზრდილი ირანში სურსათის ფასები: პურისა და მარცვლეულის — 142%-ით, ხორცის — 117%-ით და სამზარეულო ზეთის — 207%-ით. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ირანში აშშ დოლართან მიმართებით ხელფასმა რეალური მსყიდველობითი უნარი 300%-ზე მეტით დაკარგა.