ირანთან მოლაპარაკებების გარშემო გაურკვევლობის ფონზე ვერცხლისა და ოქროს ფასები შემცირდა

ირანთან მოლაპარაკებების გარშემო გაურკვევლობის ფონზე ვერცხლისა და ოქროს ფასები შემცირდა

ფოტო: Getty Images

ხუთშაბათს ვერცხლის ფასი 8%-ით დაეცა, კლება დაფიქსირდა ოქროს შემთხვევაშიც. საპირისპიროდ, ნავთობი კვლავ გაძვირდა. ბაზრებზე რყევის მიზეზი კი ის გახდა, რომ ირანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ომის გაჭიანურების ფონზე, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ არაერთგვაროვანი ინფორმაცია გაავრცელეს.

დღის დასაწყისში ვერცხლის ფასი 67.07 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა მოგვიანებით მცირე ზრდა აღინიშნა და ღირებულებამ 68.76 აშშ დოლარს მიაღწია. ამავე დროს, ოქრო დაახლოებით 2.5%-ით გაიაფდა და უნციაზე $4,446-მდე შეადგინა.

ძვირფასი ლითონების ფასების ვარდნა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტსა და მოლაპარაკებების ირგვლივ წინააღმდეგობრივ განცხადებებს უკავშირდება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა თეირანმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ტრამპის შეთავაზებაზე მსჯელობენ, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ამის ფონზე, გაიზარდა ნავთობის ფასები. კერძოდ, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ დაახლოებით 6%-ით მოიმატა და $106-ს მიაღწია, რაც ძვირფასი ლითონების ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, არსებულ ვითარებაში ნავთობი უფრო მეტად მიიჩნევა „უსაფრთხო აქტივად“, ვიდრე ოქრო და ვერცხლი, რაც ტრადიციულ ლოგიკას არღვევს, რომლის მიხედვითაც გეოპოლიტიკური კრიზისები ძვირფასი ლითონების ფასებს ზრდის.

ჯერომ პაუელის განცხადებით, ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად ტოვებს, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ლითონების ფასებზე, რადგან ისინი, როგორც წესი, ინვესტორებს უფრო დაბალი განაკვეთების პირობებში იზიდავს. ამასთან, ოქროსა და ვერცხლის ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს დოლარის გამყარებაც.