ირლანდიური ვისკის მეორე ტალღა: Teeling Whiskey ქართულ ბაზარზე ბრუნდება

ირლანდიური ვისკის მეორე ტალღა: Teeling Whiskey ქართულ ბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ირლანდიური Teeling Whiskey Company ქართულ ბაზარზე ბრუნდება და მისი უშუალო პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია GD Alco იქნება. 

Teeling Whiskey საქართველოში ჯერ კიდევ 2016 წელს შემოვიდა, მაგრამ მაშინ ეს ბაზარი სამიზნე არ იყო და არც ინვესტიცია ჩადებულა. ახლა კი მიაჩნიათ, რომ ახალი ირლანდიური ვისკის გასაცნობად მომხმარებელი მზადაა და ამაზე ფოკუსირებისთვის კარგი დროა.

კომპანია საქართველოში სასმლის 5 სახეობას გაყიდის, ესენია: Small Batch-ი, Single Grain-ი, Single Malt-ი, Single Pot Still-ი და Blackpitts Peated Single Malt-ი. მათი ფასები 40-60 ამერიკული დოლარის ფარგლებშია და ბიუჯეტურ-პრემიუმ-სეგმენტს განეკუთვნება.

ირლანდიური ვისკის სამყაროში Forbes-ს ექსკურსია მოუწყო კომპანიის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა, დარან ლავლიმ, რომელიც ქვეყანაში ჩამოვიდა და სასმლის აქაური მოყვარულებისთვის სადეგუსტაციო-გაცნობითი შეხვედრა გამართა. მასთან Forbes-მა საქართველოთი ხელახლა დაინტერესების მიზეზებზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

აქცენტი ინოვაციასა და მდგრადობაზე

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შედარებით ახალი დაარსებულია, თილინგების ოჯახში ვისკის გამოხდის გენი ჯერ კიდევ 1780-იან წლებში ჩნდება დუბლინის ინდუსტრიულ ცენტრში პატარა დისტილერიის მოწყობით. წარმოების განვითარებაზე ახალმა თაობებმა დაიწყეს ზრუნვა და 125-წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წელს დედაქალაქში პირველი ახალი დისტილერია დაარსდა. ლოგოზე დატანილი სახდელი ქვაბიდან ამოზრდილი მითოლოგიური ფრინველი ფენიქსიც ბრენდის ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.

Teeling Whiskey ირლანდიის მასშტაბით საშუალო ზომის კომპანიად მიიჩნევა და მისი ასორტიმენტიდან ყველაზე მოთხოვნადი Small Batch-ია.

„ჩვენი აქცენტი ხარისხზეა და არა რაოდენობაზე. ლიდერები ინოვაციებით, ჯილდოებითა და 80-მდე საექსპორტო ბაზრით ვართ“, – გვეუბნება დარან ლავლი.

ბრენდის იდენტობას გამოხდის ინოვაციური მეთოდი და პროცესში განსხვავებული ტიპის კასრების გამოყენება განსაზღვრავს, რისი მიზანიც ვისკის სხვადასხვა სახეობისა და ახალი არომატების მიღებაა, რათა მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეს. 

250 წლის წინ არჩევანი დიდი არ იყო და დუბლინში დისტილერიები, ძირითადად, Pot Still-სა და Malt-ს აწარმოებდნენ, Grain-სა და Blended ვისკის – არა, ახლა კი ისინი უფრო გახსნილები არიან ახალი კატეგორიების მიმართ. 

აქვე განვმარტოთ, რომ Pot Still-ი ეწოდება სპილენძის სახდელ ქვაბს და ტრადიციულ მეთოდად მიიჩნევა, Single Malt-ი ერთალაოიანი, ერთ დისტილერიაში წარმოებული ვისკია, Single Grain-ი ერთმარცვლოვანი, რომელიც რამდენიმე დისტილერიაში შეიძლება იწარმოოს, Blended-ი კი ნარევია ამ ორი უკანასკნელის.

ასე გამოიყურება Teeling-ის ვისკის სახდელი ქვაბი – Pot Still.

დარან ლავლის თანახმად, ვისკისა და ლუდის დისტილაციაში პირველი ხუთი ნაბიჯი და ძირითადი ინგრედიენტები ერთი და იგივეა. მარცვლებს ჯერ ალბობენ, ალაოდ ქცევის შემდეგ კი ფქვავენ, რათა შაქარი გამოიყოს. ამას ამატებენ ცხელ წყალს და მასა ემსგავსება ფაფას, რომლისგანაც მიღებული სითხე ფერმენტაციის ავზებში გადადის, ემატება საფუარი და იწყება ქიმიური პროცესი – საფუარი შთანთქავს შაქარს და წარმოიქმნება 8%-იანი მწარე ლუდი. 

ალკოჰოლის კონცენტრაცია ჯერ 25%-მდე, შემდეგ 55%-მდე და 84%-მდე იზრდება, თუმცა რადგან ამ კოროზიულ სითხეს ხის კასრში ვერ ჩაასხამ, საჭიროა დონის 66%-მდე დაწევა, რათა სითხე ხესთან პირველი ურთიერთობისთვის მზად იყოს.

ჩვეულებრივ, სამჯერ გამოხდილ ვისკის, რაც მას შოტლანდიურისგან (ორნახადი) განასხვავებს და ხავერდოვნებას სძენს, თილინგები სასმელს, მინიმუმ, სამი წლით აძველებენ ამერიკული ბურბონის კასრებში. 

„ამერიკის ბურბონის ინდუსტრიაში კანონით არიან ვალდებულნი, ყოველ ჯერზე ახალი კასრები გამოიყენონ, უკვე გამოყენებულში სხვა სასმლის ჩასხმა არ შეიძლება. ირლანდიელები, იაპონელები, შოტლანდიელები და სხვა მწარმოებლები კი ამ კასრებს ყიდულობენ და მათში ვისკის ასხამენ, რაც უნიკალურ გემოს წარმოქმნის“, – ამბობს დარანი.

სამი წელი აუცილებელია, რომ სითხე ვისკიდ იქცეს, თუმცა ამ დროს ის თეთრი ფურცელივითაა, დისტილაციის შემდეგ მას ფერი არა აქვს. სამი წელი მინიმუმია, თუმცა შეიძლება სასმელი კასრში 40 წლის განმავლობაშიც იყოს, რაც მას უფრო ძვირად ღირებულს ხდის. ასეთია Teeling-ის 40-წლიანი დაძველების Single Malt-ი, რომელიც, დაახლოებით, 40-50,000 ევროდ იყიდება.

ბურბონის კასრებიდან სითხე ერთი წლით სხვა ტიპის კასრში გადადის და მას არომატების კიდევ ერთი შრე, შეფერილობა და ტექსტურა ემატება. მაგალითად, თილინგების Blended ვისკი მეოთხე წელს ამერიკული რომის კასრში ატარებს, რაც მას ტროპიკული ხილის, მანგოს, პაპაიასა და გუავას ტონებს სძენს. Single Grain-ის დაძველებისთვის გამოიყენება ფრანგული წითელი ღვინის, კაბერნე სოვინიონის კასრი, რაც მოწითალო შეფერილობას, ფრანგული მუხა კი ოდნავ სიმწარეს განაპირობებს.

Teeling-ის ასორტიმენტიდან ალბათ ყველაზე მრავალფეროვანია Single Malt-ი, რომლის დაძველების პროცესში ხუთი განსხვავებული ღვინის კასრი გამოიყენება: შერის, პორტვაინის, მადერას, თეთრი ბურგუნდიულისა და კაბერნე სოვინიონის. 

ამასთან, კომპანია მაღალი ხარისხის ფრანგულ სიმინდს იყენებს, რადგან ირლანდიაში მზიანი ამინდი არაა და ეს მარცვლოვანი კულტურაც სათანადოდ ვერ ხარობს, განსხვავებით ქერისგან, რომელსაც წვიმიანი ამინდი სჭირდება. (დარანი ქართული მარცვლეულის გამოყენებასაც არ გამორიცხავს და მიაჩნია, რომ ეს საინტერესო კომბინაცია იქნება). 

ვისკის წარმოება ჩახლართულთან ერთად ენერგოინტენსიური პროცესიცაა და ბევრი ელექტროენერგია სჭირდება, რის გამოც კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს მდგრადობასა და ენერგოეფექტიანობას. ქარხანაში ელექტროენერგიის მისაღებად იყენებენ 60 მზის პანელს, რომელთა წილი მთლიან მოხმარებაში 50%-მდეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნახშირწყლებითა და ვიტამინებით მდიდარ, უკვე გამოყენებულ მარცვლებს კვირაში ერთხელ ადგილობრივი ფერმერები აგროვებენ და ცხოველებს აჭმევენ.

ირლანდიური ვისკის მეორე ტალღა საქართველოში

ირლანდიური ვისკი ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელი იყო და მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ქვეყანაში 28 დისტილერია ფუნქციონირებდა, მაგრამ თანდათან მკვეთრი დაღმასვლა დაიწყო და მეოცე საუკუნის სამოციან წლებში მათი რაოდენობა სულ რაღაც ორამდე შემცირდა. მოგვიანებით, დარჩენილთაგან ყველა ერთმა კომპანიამ შეისყიდა და მონოპოლია დამყარდა, რის შეცვლაშიც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა Cooley-ის დისტილერიის დაარსებას ჯონ თილინგის მიერ.

დარან ლავლის თანახმად, დღეს შოტლანდიური ვისკის საბაზრო წილი 75%-მდეა, ხოლო ირლანდიურის 6%-ს აღწევს. იგი მიიჩნევს, რომ ინდუსტრიაში დაღმასვლა არაინოვაციურობამ და კონსერვატიულმა მიდგომამ განაპირობა. 

„მაშინ ყველა ტრადიციულ Pot Still-სა და ალაოს ვისკის აწარმოებდა. როდესაც ახალი ტექნოლოგია შეიქმნა მარცვლოვანი ვისკის გამოსახდელად, ირლანდიელმა მწარმოებლებმა მასზე უარი თქვეს და ტრადიციული მეთოდი ამჯობინეს. მაგრამ იცით, ვინ არ თქვა უარი? შოტლანდიელებმა. მათ ახალი ტექნოლოგია ეფექტურობის, წარმოების სიიაფის გამო მოეწონათ და შერეული ვისკის წარმოება შესაძლებელი გახდა. 

იაფი მარცვლოვანი ვისკის გამოხდით შოტლანდიელებმა შეძლეს ფასების შემცირება და პირველად ისტორიაში, სასმელი ხელმისაწვდომი გახადეს საშუალო და მუშათა კლასისთვის. მანამდე ის ძალიან ძვირი იყო და მხოლოდ დიდგვაროვნებს, მეფეებსა და დედოფლებს მიუწვდებოდათ ხელი,“ – განმარტავს Teeling-ის კომერციული მენეჯერი.

90-იანი წლების შემდეგ ირლანდიური ვისკის პოპულარობა იზრდება და გაყიდვებით ახლაც ყველაზე სწრაფად მზარდი სასმელია მსოფლიოში. 2019 წლის მონაცემებით, ირლანდიაში 32 დისტილერია მოქმედებს.

კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის ახლა ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი ამერიკაა. ამავდროულად, ირლანდიურ ვისკიზე ინტერესი საქართველოშიც იზრდება და მოთხოვნის არსებობაზე სუპერმარკეტებისა და ბარების დახლებზე ვისკის ბოთლების რაოდენობა მეტყველებს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დარან ლავლი ბაზარზე ახალი ირლანდიური ვისკის შემოსვლას „მეორე ტალღას“ უწოდებს და იმედოვნებს, რომ ეს სხვა მცირე ირლანდიური კომპანიებისთვისაც წამახალისებელი იქნება, რათა ქართული ბაზრით დაინტერესდნენ.

GD Alco-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერის, ირაკლი დოლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ყველაზე ხშირად კვლავ არაყს სვამენ, ნელ-ნელა, ხალხმა სხვა სასმლის გასინჯვაც დაიწყო და წინა წლებთან შედარებით, მოთხოვნა მკვეთრად იზრდება ვისკიზე, მათ შორის, ნიშურ პროდუქტებზე. 

სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც შოტლანდიაში, ამერიკაში, ირლანდიაში თუ სხვა ქვეყნებში 20-მდე პარტნიორი ჰყავს და პრემიალური ალკოჰოლური სასმლით მთელ საქართველოს ამარაგებს, მომხმარებელს პორტფელის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ჰპირდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 9.7 მილიონი დოლარის ვისკია იმპორტირებული და ირლანდიაზე 137.1 ათასი დოლარი მოდის. მთავარი საიმპორტო პარტნიორები გაერთიანებული სამეფო, ლატვია და აშშ არიან.

საქართველოში ირლანდიური „სიცოცხლის წყლის“ წილი, შესაძლოა, არ იყოს ყველაზე დიდი, მაგრამ სამომავლოდ ბაზარზე ახალი და ნაკლებად ცნობილი ბრენდების გამოჩენას შეგვიძლია ველოდოთ. მათ ყინულით დალევთ თუ მის გარეშე, თავად გადაწყვიტეთ, მაგრამ დარანის რეკომენდაციაა, რომ წყალი ან ყინული მხოლოდ მაშინ გამოვიყენოთ, თუ ვისკი ზედმეტად „აგრესიულია“ და შერბილებას საჭიროებს.