ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი იმ რისკებზე წერს, რომლებიც შესაძლოა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას მოჰყვეს. მისი განცხადებით, წლების განმავლობაში აქტიურად ადევნებს თვალს და აფასებს საპენსიო რეფორმის მიმდინარეობას და წარმოდგენილ ცვლილებებზე დაყრდნობით, ხედავს მნიშვნელოვან რისკებს საპენსიო ფონდის ინსტიტუციურ მოწყობასა და მისი 1.5 მილიონზე მეტი მონაწილე მოქალაქის ინტერესებთან მიმართებაში.
დაანონსებული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს წევრებს შესარჩევი კომისიის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ცნობისთვის, დღეს საინვესტიციო საბჭოს წევრებს თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტი ირჩევს. „ვფიქრობთ, ეს საპარლამენტო რესპუბლიკაში უკან გადადგმული ნაბიჯია და მათ შორის, აუარესებს საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას და რისკებს უქმნის მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტებას,“ – აცხადებენ ISET-ში.
კიდევ ერთი ცვლილებით, შეიზღუდება საპენსიო აქტივების მართვაში გარე აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობა და საპენსიო ფონდის მონაწილეებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მათი დანაზოგის განმკარგავი აქტივების მმართველი. „ვფიქრობთ, რომ კონკურენციის მსგავსი ფორმით შეზღუდვა არ არის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებში, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც ნეგატიურად აისახება და, რაც მთავარია, ზღუდავს საპენსიო ფონდის მონაწილეთა უფლებებს,“ – წერს აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით კვლევითი ინსტიტუტი.
დაბოლოს, შემოთავაზებული ერთ-ერთი ცვლილებით იზრდება საპენსიო ფონდის თავისუფლება საინვესტიციო პორტფელების ფარგლებში განსხვავებული ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით. მათ შორის, იზრდება ლიმიტები ე.წ. სხვა ტიპის აქტივებში ინვესტირებისათვის. „იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლება ხდება მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნა და დიდწილად იზღუდება აქტივების მართვის პროცესში გარე აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობა, მსგავსი დამატებითი თავისუფლება საინვესტიციო საქმიანობაში, აჩენს სხვადასხვა სამთავრობო პროექტებში ისეთი ინვესტიციების განხორციელების რისკებს, რომელიც საპენსიო სისტემის მონაწილეთა ინტერესების საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.