საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 40.1% კახეთის რეგიონზე მოდის. გასული წლის მონაცემებით, ღვინის წარმოების 75.5%-იანი წილიც კახეთს ეკუთვნოდა. რაც შეეხება თავად ღვინოს, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 10% სწორედ მასზე მოდის.
გაეროს კლიმატური ცვლილების კონვენციის შესახებ საქართველოს ეროვნულ საკომუნიკაციო დოკუმენტებში (UNFCCC), სოფლის მეურნეობა კლიმატური ცვლილებების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სექტორადაა აღნიშნული. კახეთი კი რეგიონად, რომელიც შესაძლოა გაუდაბნოების რისკის წინაშე დადგეს. დეზერტიფიკაცია, როგორც წესი, ტემპერატურის მატებასა და ნალექების შემცირებასთანაა დაკავშირებული. საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების ინფორმაციით, თითოეულ სეზონზე კახეთში ტემპერატურის საშუალო მატება შეინიშნება. კერძოდ, გაზაფხულზე ტემპერატურის საშუალო მატება +0.31℃-ია, ზაფხულში +0.94℃, შემოდგომაზე +0.60℃, ხოლო ზამთარში +0.30℃. რაც შეეხება ნალექების შემცირებას, 1986-2015 წლებში 1956-1985-თან შედარებით, ყოველწლიურად ნალექების მოცულობა 1.5%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ ორივე ნეგატიური ტენდენცია სამომავლოდ შენარჩუნდება.
აღნიშნული კლიმატური მდგომარეობა რეგიონში გვალვის გაზრდილ რისკზე მიუთითებს, რაც შემდგომში გავლენას სასოფლო-სამეურნეო მოსავალზე, წყლისა და საკვების დეფიციტზე მოახდენს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, გაუდაბნოების რისკი განსაკუთრებით მაღალი ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშია.
გარკვეული ნაბიჯები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე კლიმატური ეფექტების შესამცირებლად უკვე გადაიდგა. მათ შორის განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა „დარგე მომავალი“, ასევე ცნობიერების ამაღლებასა და აგრომრავალფეროვნების კომპონენტების შეფასებასთან დაკავშირებით, მეორე ეროვნული სამოქმედო პროგრამით გაუდაბნოებასთან ბრძოლისთვის განსაზღვრული აქტივობები. დამატებითი პროაქტიული ზომები, როგორიცაა მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად წვეთოვანი მორწყვის სისტემის დაყენება, თავად კერძო პირების მიერ იქნა მიღებული.
ექსპერტები მშრალი ტერიტორიების შენარჩუნებისა და ალტერნატიული საარსებო წყაროების არსებობისთვის, „პრევენციის კულტურის“ აუცილებლობაზე თანხმდებიან, რაც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სექტორში, კლიმატის ცვლილებების საპრევენციო ტექნოლოგიებში ფართომასშტაბიანი ინვესტიციებითაა შესაძლებელი. გაუდაბნოების პრევენციაზე ბევრად უფრო ხარჯიანი კი უდაბნო მიწების რეაბილიტაციაა.
კახური სოფლის მეურნეობის გამძლეობის ზრდისთვის კლიმატური ცვლილებების მიმართ რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს. პირველი, სარწყავი სისტემების ინვესტიციების ზრდა, მათ შორის წყალსაცავის მშენებლობაც, რაც ნაწილობრივ გადაჭრის პრობლემას. ასევე ზამთარში, რესურსების გამოუყენებლობის პერიოდში, ზაფხულისთვის მდინარე ალაზნიდან წყლის დაგროვება. მეორე, ქარსაცავი ზოლების დაყენება და ძლიერი ფესვთა სისტემის მქონე მცენარეების მოყვანა, რაც ხელს შეუწყოს ნიადაგის შენარჩუნებასა და ტყის საფარის აღდგენას. დაბოლოს, აუცილებელია კლიმატურად გამძლე იმ კულტურებისა და სახეობების დანერგვა-გავრცელება, რომლებიც შედარებით ნაკლებად მოითხოვს წყალს გადარჩენისთვის.