ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტრეპრენიორმა, ბიზნესმენმა ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. ის თანამდებობაზე აწ უკვე ისლანდიის ყოფილ პრეზიდენტს გუდნი იოჰანესსონს შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩვენებში ორივე მთავარი კანდიდატი ქალი გახლდათ. გამარჯვებულმა ხმათა 55% დაიმსახურა. მეორე კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კეტრინ იაკობსდოტირმა კი 25%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამ უკანასკნელმა დაკავებული თანამდებობა აპრილში იმისთვის დატოვა, რომ კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში ეყარა.
ისლანდიის პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შესაბამისად შეზღუდული ძალაუფლება აქვს. ისლანდია კონსტიტუციური რესპუბლიკაა, მართვის სისტემა კი საპარლამენტო დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მეთაური პრეზიდენტია, აღმასრულებელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს და, შესაბამისად, მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს აქვს. ცნობისთვის, ისლანდია ერთ-ერთი უძველესი საპარლამენტო დემოკრატიის ისტორიის მქონე სახელმწიფოა. ისლანდიის პარლამენტი, სახელად ალთინგი პირველად ჯერ კიდევ 930 წელს შეიკრიბა.
ისლანდიის მოსახლეობა 400,000 ადამიანს შეადგენს და ქვეყანა ნატოს წევრია. ისლანდიამ ევროკავშირის წევრობის სურვილი 2009 წელს გამოთქვა, თუმცა 2015 წელს აპლიკაცია უკან გაიწვია.
ჰალა ტომასდოტირი 1944 წელს ისლანდიის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ქვეყნის მე-7 პრეზიდენტი იქნება. ის პრეზიდენტის ოფისს 1-ელ აგვისტოს ჩაიბარებს. წარსულში ტომასდოტირი ისლანდიის სავაჭრო პალატას ხელმძღვანელობდა. 2007 წელს მან ფინანსური მომსახურების კომპანია, Audur Capital-ი დააფუძნა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბოლო 14 წელიაб ისლანდიას გენდერული თანასწორობის მქონე საუკეთესო ქვეყნის ტიტულს ანიჭებს.