ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება. როგორც ცნობილია, საკითხზე კორპორაცია ENER-T-ის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესგარემო, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ის პოტენციალი, რაც ქვეყანას განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოური ინვესტიციების შემოსვლას განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიზნით.
თავის მხრივ, კორპორაცია ENER-T-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს დიდ შესაძლებლობებს პოსტპანდემიურ პერიოდში და აღნიშნეს დაინტერესება, განახორციელონ ინვესტიცია ქვეყნის განახლებად ენერგეტიკაში, კერძოდ კი მზის ენერგიის ათვისებაში. ENER-T-ში განიხილავენ საქართველოში 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ ENER-T-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით და წარმოდგენილია აშშ- ის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ესპანეთის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე.
გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისრაელის კორპორაცია მზადაა, შეისწავლოს საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს აღმოუჩენს დახმარებას, რათა მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით განვითარდეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის ელექტროსადგურის სამ პროექტზე მუშაობს. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, საუბარია 5-, 25- და 50-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე. მისივე თქმით, სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. როგორც ცნობილია, მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში იგეგმება.
ამასთან, როგორც Forbes Georgia-ს აპრილის თვის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში სემეკის წევრი მაია მელიქიძე ამბობს, კანონის მიხედვით დათქმა არსებობს, რომ მთელი გენერაციის დაახლოებით 2% საქართველოში მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგია უნდა იყოს. დღეს კი მხოლოდ 0.2%-ია ათვისებული. მისივე თქმით, ქვეყანას მზის ენერგიის გამოყენების დიდი შესაძლებლობა აქვს.