ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისას დაზარალებულები Binance-სა და ჩანპენ ჭაოს უჩივიან

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისას დაზარალებულები Binance-სა და ჩანპენ ჭაოს უჩივიან

2023 წლის ოქტომბერში, ისრაელზე ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმისას დაზარალებულები და მსხვერპლთა ოჯახის წევრები კრიპტობირჟა Binance-სა და მის დამფუძნებელს, ჩანპენ ჭაოს უჩივიან. მოსარჩელეები Binance-ს „ჰამასისა“ და აშშ-ის მიერ აღიარებული სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისთვის მილიონობით დოლარის ტრანზაქციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

საჩივრის თანახმად, Binance-მა „ჰამასისთვის“ ფულის გათეთრება მას შემდეგაც განაგრძო, რაც აშშ-ის ფედერალური მოსამართლის მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟას $4.3 მილიარდზე მეტის ჯარიმისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ხოლო მის დამფუძნებელს ჩანპენ ჭაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსარჩელეებს შორისაა „ჰამასის“ თავდასხმისას დაზარალებული 306 ამერიკელი, მათ შორის მოკლული და მძევლად აყვანილი პირების ოჯახის წევრები.

„ჰამასთან“ ერთად, Binance-ს ბრალი სხვა ტერიროსტული დაჯგუფებების, მათ შორის „ჰეზბოლას“, პალესტინის „ისლამური ჯიჰადისა“ და ირანის „რევოლუციური გვარდიის“ მხარდაჭერაში ედება. მოსარჩელეთა მტკიცებით, Binance-მა ორგანიზაციებს განზრახ მისცა $1 მილიარდზე მეტის გადარიცხვის შესაძლებლობა, მათ შორის $50 მილიონზე მეტის, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.

„Binance-მა წინასწარი განზრახვით, თავისი პლატფორმა უკანონო საქმიანობის თავშესაფრად აქცია და დღემდე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ კომპანიამ თავისი ძირითადი ბიზნესმოდელი მნიშვნელოვნად შეცვალა“, – ნათქვამია საჩივრის ტექსტში. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, Binance-ის წარმომადგენლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი სრულად იცავენ საერთაშორისოდ აღიარებულ სანქციების კანონმდებლობას.

შეგახსენებთ, რომ Binance-ის დამფუძნებელი ფულის გათეთრების ბრალდებით გასული წლის აპრილში დააკავეს და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შემდეგ, ჭაომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა კვლავ კრიპტობირჟის დაახლოებით 90%-ს ფლობს. Forbes-ი ჩანპენ ჭაოს ქონებას $78.8 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 21-ე ადგილს ანიჭებს.

გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Binance-ის დამფუძნებელი ოფიციალურად შეიწყალა. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და შეიწყალა ჭაო, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფარგლებში დევნიდა.