ისტორიული წელი ოქროსთვის | შეინარჩუნებს ძვირფასი ლითონი 2026 წელს ზრდის ტენდენციას?

ისტორიული წელი ოქროსთვის | შეინარჩუნებს ძვირფასი ლითონი 2026 წელს ზრდის ტენდენციას?

2025 წელს ერთ უნციაზე ოქროს ღირებულება 60%-ზე მეტით გაიზარდა, რისი ძირითადი წინაპირობებიც გეოპოლიტიკური რისკები, საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ცენტრალური ბანკების მხრიდან მაღალი მოთხოვნა იყო. ექსპერტთა ნაწილი, 2026 წელს, ძვირფასი ლითონის ფასებზე მზარდი ტენდენციის შენარჩუნებას ელის, რადგან ინვესტორებისთვის ოქრო კვლავ „უსაფრთხო თავშესაფრად“ რჩება.

მხოლოდ 2025 წელს ერთ უნციაზე ოქროს შეფასებამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს 50-ჯერ მიაღწია. ისტორიული მაქსიმუმი კი ოქტომბრის თვეში დააფიქსირა, როდესაც უნციაზე ლითონის ფასმა $4,347 შეადგინა. მას შემდეგ ოქრო უნციაზე ძირითადად $4,000-ზე მაღალ შეფასებას ინარჩუნებს, ამჯერად კი 4,197 აშშ დოლარად ივაჭრება. მიმდინარე წელს, აქტივზე მოთხოვნა ცენტრალური ბანკების მხრიდან შესყიდვების სტაბილურმა ზრდამ, არსებულმა გეოპოლიტიკურმა უთანხმოებებმა, სავაჭრო პოლიტიკაში გაურკვევლობის მატებამ, საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ და აშშ დოლარის შესუსტებამ გაზარდა.

ოქროს გლობალური საბჭოს უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ლითონის ღირებულების წლიურად 12%-ით ზრდა გამოიწვია, დოლარის გაუფასურებისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე კი უნციაზე ფასი დამატებით 10%-ით გაიზარდა. საბჭოს შეფასებით, სხვა ფაქტორების, მათ შორის ეკონომიკური ზრდისა და ინვესტორების პოზიციონირების, გავლენა, შესაბამისად, 10% და 9%-ია.

წარმოდგენილი მიზეზებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან აგრესიული შესყიდვების გაგრძელების ფონზე, საბჭოს ვარაუდით, უნციაზე ოქროს ღირებულება ზრდის ტენდენციას 2026 წელსაც შეინარჩუნებს. თუმცა საწყისი წერტილი ახლა ფუნდამენტურად განსხვავებულია. 2025 წლისგან განსხვავებით, საბჭო ოქროს „მაკროკონსენსუსის“ სახით განსაზღვრავს.

მსგავსი შეფასებით, პროგნოზები სტაბილური გლობალური ზრდის შენარჩუნებაზე, Fed-ის მიერ განაკვეთების ზომიერ შემცირებასა და სტაბილურ დოლარს ემყარება. შედეგად, ოქროს გლობალური საბჭოს შემოთავაზებულ საბაზისო სცენარში, ოქროს ფასის ცვლილება -5%-დან +5%-მდე შემოიფარგლება.

თუმცა საბჭოს მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა სცენარში ეს შეფასებები შესაძლოა, მკვეთრად შეიცვალოს. მაგალითად, „ზედაპირული ეკონომიკური რყევის“ შემთხვევაში, რომელიც ეკონომიკური ზრდის შენელებითა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის დამატებითი შემცირებით ხასიათდება, უნციაზე ოქროს ფასი შეიძლება 5%-დან 15%-მდე გაიზარდოს.

ხოლო უფრო ღრმა ეკონომიკური ვარდნის, ანუ „საბედისწერო ციკლის“ დროს, ოქროს ფასი შესაძლოა 15%-დან 30%-მდე გაიზარდოს. მსგავსი სცენარი Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირებისა და სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ვარდნის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს, რაც ოქროს „უსაფრთხო აქტივის“ სტატუსს კიდევ უფრო გაამყარებს.

მეორე მხრივ, თუ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდასა და აშშ დოლარის გაძლიერებას გამოიწვევს, ამან შესაძლოა ინვესტორებისთვის ოქროს მიმართ მიმზიდველობა შეამციროს. ყველაზე ცუდ სცენარში, საბჭო უნციაზე ოქროს ღირებულების 5%-დან 20%-მდე ვარდნას ვარაუდობს.

გლობალური ოქროს საბჭოს მხრიდან, შედარებით ზოგადი სცენარის განხილვის ფონზე, მსხვილი საინვესტიციო ბანკები 2026 წელს ოქროზე მზარდი ფასის შენარჩუნების ტენდენციას პროგნოზირებენ. J.P. Morgan Private Bank-ის შეფასებით, ძლიერი და მდგარდი მოთხოვნის გავლენით, 2026 წელს უნციაზე ფასი შესაძლოა $5,200-დან $5,300-მდე გაიზარდოს. Goldman Sachs-ი მომავალი წლის ბოლოსთვის უნციაზე დაახლოებით $4,900-ის მიღწევას ვარაუდობს, რასაც ცენტრალური ბანკების მხრიდან აგრესიული შესყიდვები შეუწყობს ხელს. Deutsche Bank-ის დიაპაზონი $3,950-დან $4,950 მერყეობს, ხოლო Morgan Stanley-ისთვის – $4,500-ის ფარგლებში.