ნახევარგამტარების მწარმოებელი Intel-ი იტალიასთან ახალი ჩიპების საწარმოს გახსნის შესახებ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას გააფორმებს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტისთვის ეს ევროპაში განხორციელებული ინვესტიციების ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი იქნება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Intel-მა ევროპის ტერიტორიაზე 88 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დაგეგმილი ინვესტიციების შესახებ განაცხადა.
კომპანიის განცხადებით, ევროპაში ინვესტიციების ზრდა რეგიონის ჩიპების აზიურ მწარმოებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. Intel-ის მიზანი ევროპაში საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული მიწოდების ჯაჭვის პრობლემების აღმოფხვრაა.
საინტერესოა, რომ Rueters-ისათვის ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეთანხმების განხორციელებაზე სწორედ მარიო დრაგის მთავრობა მისი აქტიური ჩართულობით მუშაობდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იტალია Intel-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციის 40%-ს დააფინანსებს.
ჯერჯერობით აღნიშნული სიახლის შესახებ Intel-სა და იტალიის მთვარობას კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ საწარმო ჩიპების წარმოების პროცესის გასამარტივებლად უახლეს ტექნოლოგიებს გამოიყენებს.
ასევე ანონიმური წყაროს მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის მთავრობა და Intel-ი საწარმოს გახსნას იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ორ პოტენციურ ლოკაციაზე განიხილავენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით მიიღება.