იურიდიული ბრალდებები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

იურიდიული ბრალდებები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელს ბევრი იურიდიული ბრალდება უკავშირდება. მათ შორისაა არჩევნებში არალეგალური ჩარევა, ბიზნესური თაღლითობისა თუ პირადი ცილისწამების შემთხვევები. ტრამპთან დაკავშირებული საქმეების რაოდენობა და კომპლექსურობა კი ბევრისთვის მათ ნაწილს გაუგებარს და რთულად აღსაქმელს ხდის.

Forbes-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ყველა ცნობილ ბრალდებას თავი მოუყარა და ის ოთხ კატეგორიაში გააერთიანა. ბიზნესთან, პერსონალურ ცილისწამებასთან, 2020 წლის არჩევნებთან და 2021 წლის 6 იანვრის პროცესებთან დაკავშირებული ბრალდებები მოიცავს პრობლემურ საკითხს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ბიზნესთან დაკავშირებული ბრალდებები

2020 წლის 24 აგვისტოს ინიციირებული საქმის მიხედვით, ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი ტრამპს ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, ქონების აღრიცხვაში არსებულ უზუსტობებს ედავება. სარჩელი ტრამპის ორგანიზაციებს, ასოცირებულ კომპანიებსა და ბუღალტრებს მიემართება და შესაძლოა სამოქალაქო სარჩელის წარდგენით გაგრძელდეს. ბრალდების საპასუხოდ კი უკვე ტრამპი უჩივის ჯეიმსს სამოქალაქო უფლებების დარღვევაში და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის პროცესის შეჩერებას ცდილობს.

ეკონომიკური სარგებლის მისაღებად ქონების შეფასებაში უზუსტობებს ტრამპს მანჰეტენის რაიონული პროკურატურაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპის ორგანიზაციას ჯარიმები, ხოლო ორგანიზაციის CFO-ს ალენ ვაისელბერგს 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემდეგი ბრალდება, ტრამპის Ferry Point-ის მიერ ნიუ-იორკის პარკების და რეკრეაციის დეპარტამენტისა და მისი ბოსის წინააღმდეგ აღძრული საქმეა. 6 იანვრის არეულობის შემდგომ, ნიუ-იორკმა ტრამპთან Ferry Point-ის გოლფის მოედნის ხელმძღვანელობის კონტრაქტი შეაჩერა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ამ კონტრაქტის გაუქმების პროცესის შესაჩერებლად იბრძვის.

კოლუმბიის გენერალური პროკურატურა კი ტრამპს საინაუგურაციო ფონდების ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმის დასრულების შემდგომ შესაძლოა, ინაუგურაციის კომიტეტის მიერ ტრამპის ორგანიზაციისთვის გადახდილი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცეს. კიდევ ერთი საქმის ფარგლებში, გამოძიების დაწყებიდან სამი წლის, ხოლო ტრამპის მიერ თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის შემდგომ, დემოკრატები სახაზინო დეპარტამენტიდან ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების მიღებას კვლავ ითხოვენ. შემდეგი განხილვა 2022 წლის 22 თებერვალსაა ჩანიშნული.

ოთხი ანონიმური მომჩივანი, როგორც თავად ტრამპსა და მის ორგანიზაციას, ასევე მის ოჯახს, მარკეტინგული კომპანია ACN-ის პოპულარიზაციისას, პირამიდული სქემით გამდიდრებაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპების წინააღმდეგ შესაბამისი ფინანსური ზარალი განისაზღვრება. ხუთი მექსიკური წარმოშობის მომიტინგე კი ტრამპის უსაფრთხოების სამსახურს Trump Tower-ის წინ ძალის გადამეტებულ გამოყენებაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფინანსური და სადამსჯელო ზარალი განისაზღვრება.

დაბოლოს, ბიზნესთან დაკავშირებულ კატეგორიაში ვესტჩესტერის რაიონული პროკურატურის სარჩელიც შედის, რომელიც ტრამპის ორგანიზაციას კვლავ, ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, ქონების ღირებულების გაზრდაში ადანაშაულებს. ამ შემთხვევაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზაციას შესაძლოა კრიმინალური ბრალდება წაუყენონ.

2020 წლის არჩევნები

2020 წლის არჩევნების საქმეზე ტრამპის წინააღმდეგ ორ ბრალდებას ვხვდებით. ერთ საქმეზე მომჩივანი მხარე ფულტონის გენერალური პროკურატურაა, რომელიც ტრამპს, ნიუ-იორკის ყოფილ მერსა და სხვა პირებს საარჩევნო დანაშაულს ედავება. ხოლო ფერადკანიანი ადამიანების წინსვლის ეროვნული ორგანიზაცია (NAACP) ყოფილ პრეზიდენტსა და მის კამპანიას მიჩიგანში, ფერადკანიანი ამომრჩევლისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის ფაქტზე, 1965 წელს გამოცემული კანონის დარღვევაში სდებს ბრალს. საქმის დასრულების შემდგომ ბრალდებულებს შესაძლოა, ფულადი კომპენსაციები დააკისრონ.

2021 წლის 6 იანვარი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრალდება გამოიყოფა. მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც 6 იანვრის პროცესები საშინაო ტერორიზმის აქტად განიხილება. საქმეზე უკვე დაიკითხა ტრამპის ყოფილი მრჩეველი პიტერ ნავარო. ხოლო ვაშინგტონის გენერალური პროკურატურა კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ტრამპის, როგორც ძალადობრივი ქმედების მაპროვოცირებელ, როლს გამოყოფს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

კაპიტოლიუმის პოლიციის შვიდი ოფიცერი ამტკიცებს, რომ ტრამპმა, „Stop the Steel“-მა, როჯერ სტოუნმა და პროცესებში ჩართულმა სხვა პირებმა, „პოლიტიკურად და რასობრივად მოტივირებულ ძალადობაში“ მონაწილეობითა და წაქეზებით, დაარღვიეს „კუ-კლუქს-კლანის ფედერალური აქტი“, რაც დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სასჯელად ფინანსურ კომპენსაციას ითვალისწინებს. ჯამში ხუთი ოფიცრის მონაწილეობით, დამატებით სამი საქმე კი ტრამპს თავდამსხმელების წაქეზებაში ადანაშაულებს, რაც სასჯელად, ბრალდებული მხარის მიერ, თითოეული პირისთვის, მინიმუმ $75.000-იანი კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

სამოქალაქო უფლებების დარღვევას დონალდ ტრამპს, მის ვაჟს და დამატებით რამდენიმე პირს, ორი საქმე ედავება. ერთ-ერთის მომჩივანი დეპუტატი ერიკ სვოლველია, რომლის მტკიცებით, ტრამპმა სამოქალაქო უფლებები ძალადობისკენ მოწოდებითა და განცხადებებით დაარღვია, ხოლო კარენ ბასი დამატებით ათ დემოკრატ დეპუტატთან ერთად, ტრამპს და სხვა პირებს შეთქმულების მოწყობით  ბრბოს წაქეზებისთვის სამოქალაქო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

პირადი ცილისწამება

2020 წლის 24 სექტემბრის საქმის მიხედვით, ტრამპს და მის დედმამიშვილებს, ექს-პრეზიდენტის ძმისშვილი მერი ტრამპი მემკვიდრეობის გადანაწილების დროს ჩადენილ თაღლითობაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტს ითხოვს. თავად მერის, New York Times-სა და მის რამდენიმე ავტორს კი დონალდ ტრამპი შეთანხმების დარღვევასა და მედიასთან კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას ედავება და კომპენსაციის სახით მინიმუმ $100 მილიონის გადახდას მოითხოვს.

ჟურნალისტი ელისაბედ ჟან კეროლი ტრამპს გაუპატიურების შემდგომ ცილისწამებაშიც ადანაშაულებს, რაც ექს-პრეზიდენტის მიერ ბრალდების უარყოფასა და განცხადებაში გამოიხატება, რომ კეროლი მის გემოვნებაში არ ჯდება. ხოლო საარჩევნოდ დასაქმებული ჯეიმს სავაჯი ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებებმა მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა და  კომპენსაციის სახით მინიმუმ $50,000-ს ითხოვს.

ბოლო ორი საქმე კი ტრამპის ყოფილ ადვოკატ მაიკლ კოენს უკავშირდება. 2019 წლის 17 მარტს შეტანილი სარჩელით, კოენი ტრამპის ორგანიზაციისგან $1,9 მილიონის გადახდას ითხოვს, რადგან, მისივე განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ორგანიზაციამ არ შეასრულა დაპირება, გადაეხადა იურიდიული გადასახადი, რომელიც მან რობერტ მიულერის გამოძიებისა და კონგრესის სხვა მოსმენების დროს მიიღო. რაც შეეხება მეორე საქმეს, გასული წლის ბოლოს კოენმა ტრამპი და ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, ციხეში დაბრუნების გამო ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, რაც, კოენის მტკიცებით, მის მიერ მრავლისმეტყველი მემუარების გასაჯაროების დაპირებას უკავშირდებოდა.