„იუვენტუსმა“ ფინანსური წელი რეკორდული ზარალით დახურა

„იუვენტუსმა“ ფინანსური წელი რეკორდული ზარალით დახურა

„იუვენტუსმა“ გასული ფინანსური წელი შეაჯამა, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს დასრულდა. ახალი ანგარიში იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, 2021/22 წლების სეზონში „იუვენტუსის“ ზარალმა 254 მილიონი ევრო შეადგინა. ეს არის ყველაზე დიდი დეფიციტი, რაც კი ოდესმე იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგა სერია A-ში ერთი კლუბის მიერ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი მილანის „ინტერს“ ჰქონდა ნაჩვენები, რომელმაც ერთ სეზონში 245.6 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი განიცადა.

ზედიზედ ხუთი წელიწადია, რაც ტურინული კლუბი ზარალს განიცდის. მაგალითისთვის, 2020/21 წლების სეზონში „იუვენტუსის“ ფინანსურმა დეფიციტმა 209.9 მილიონი ევრო შეადგინა.

ბოლო წლების განმავლობაში ზარალის ზრდას „იუვენტუსის“ წარმომადგენლობა კორონავირუსის პანდემიითა და მისი პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით ხსნის. აღნიშნული მიზეზით, გასულ სამ წელიწადში კლუბმა საერთო ჯამში €534 მილიონით იზარალა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *