ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 14.93%-ით გაიზარდა

ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 14.93%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 122.33 მლნ ლარით, 0.18%-ით შემცირდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 66.12 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.29%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სესხების მოცულობის წლიურმა ზრდამ კი ივლისში 14.93% შეადგინა.

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მილიონი ლარით, 1.03%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მილიონი ლარით, 1.79%-ით შემცირდა.

სებ-ის ინფორმაციით, ივლისის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 10.79 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 18.81 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 1.06%-იანი, მეორე შემთხვევაში კი 1.53%-იანი კლება დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისის განმავლობაშია 0.94%-ით, 218.69 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 34.21 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.61% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.693 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.